20 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა - პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობას ხვდება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და საპარლამენტო უმცირესობას შორის შეხვედრა იმართება.

„ევროპულ საქართველოს“ თავმჯდომარეობის კონკრეტული კანდიდატი არ ჰყავს, რომელსაც პრეზიდენტს შესთავაზებს, თუმცა პარტიის წევრები რამდენიმე პროფესიონალის გვარს, რომელზეც ღირს, რომ პრეზიდენტი დაფიქრდეს, დახურულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილს დაუსახელებენ.

ოთარ კახიძე უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზეც საუბრობს. მისი თითქმის, ნინო გვენეტაძის კანდიდატურა პრეზიდენტს არ უნდა დაესახელებინა. კახიძის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად მთავარი კრიტერიუმი საზოგადოების ნდობა და მაღალი რეპუტაცია უნდა იყოს.

„ჩვენი შეფასებით, ნინო გვენეტაძე არ იყო სწორი კანდიდატი, იმიტომ, რომ შევარდნაძის პერიოდის მართლმსაჯულების ერთ-ერთი სახე იყო, რომელიც კორუფციაში მამხილებელი ჟურნალისტების დასჯას ითხოვდა და კორუმპირებულ სისტემას იცავდა. შესაბამისად, მას საზოგადოების მხრიდან მანდატი და ნდობა არ ჰქონდა, ჩვენი შეფასებით. ასეთი კანდიდატი პრეზიდენტმა არ უნდა შესთავაზოს. კანდიდატს და თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ავტორიტეტი და უნდა ჰქონდეს ისეთი რეპუტაცია, რომელიც შეძლებს, საზოგადოების ნდობა დაიმსახუროს. ეს არის ამ შემთხვევაში ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი თავმჯდომარის ხელში, როცა მის უკან დგას ნდობა საზოგადოების მხრიდან,“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

სავარაუდოდ, „ევროპული საქართველო“ ბოლო პოლიტიკური პარტია იქნება, რომელიც პროცესში ჩაერთვება, რადგან მოლაპარაკებებში მონაწილეობას კვლავაც არ აპირებს მმართველი გუნდი.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები