20 აპრილი 2024,   19:43
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევი პროცესი ჩიხში შევიდა - პრეზიდენტი და სამოქალაქო სექტორი ვერ შეთანხმდნენ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის ფორმატზე პრეზიდენტი და სამოქალაქო სექტორი ვერ შეთანხმნენ.  გიორგი მარგველაშვილის შეთავაზება, რომ კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეერჩიათ, პრეზიდენტს კი პარლამენტისთვის წარედგინა, სამოქალაქო სექტორისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

შეხვედრის მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილი პასუხისმგებლობას თავს არიდებს. მათი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და ვალდებულებაა და ის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პროცესს არ უნდა გამოეთოშოს.

არასამთავრობო ორგანზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი მზად არიან გიორგი მარგველაშვილის მხრიდან წარმოდგენილი სავარაუდო კანდიდატების სია განიხილონ და რჩევა მისცენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური და იურიდიული პასუხისმგებლობა პრეზიდენტზეა.

შეთანხმების გარეშე დასრულებული საათნახევრიანი დახურული შეხვედრა არასამთავრობო სექტორმა უკმაყოფილომ დატოვა.

შეხვედრის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციური უფლების გამოყენებაზე და კანდიდატის თავად შერჩევაზე საერთოდ უარი თქვას.

სამოქალაქო სექტორის მცირე ნაწილმა პრეზიდენტის აზრი გაიზიარა. მათი თქმით, უმჯობესია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი მესამე სექტორმა აარჩიოს.

პრეზიდენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ გიორგი მარგველაშვილი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას არ ცდილობს და რომ პრეზიდენტის შეთავაზების მიზანი მაქსიმალურად საზოგადოებრივი კანდიდატის შერჩევა იყო.

როგორ გაგრძელდება ან საერთოდ გაგრძელდება თუ არა საჯარო კონსულტაციების პროცესი, ჯერ უცნობია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები