24 აპრილი 2024,   20:14
ვრცლად
კიბერბულინგი და თვითმკვლელობის მცდელობისა და სუიციდის საგანგაშოდ გაზრდილი ფაქტები

მოზარდებში სუიციდისა და თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტები ბოლო ერთი წლის განმავლობაში კრიტიკულ ნიშნულამდეა გაზრდილი. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გასული წლის მონაცემებთან შედარებით ტრაგიკული შემთხვევის რაოდენობამ 20 პროცენტით მოიმატა. მიზეზი ხშირ შემთხვევაში კიბერბულინგია.

ოფიციალური სტატისტიკა თუ რამდენი მოზარდი შეეწირა კიბერბულინგს, უცნობია, თუმცა  სოციალურ ქსელებში არსებობს არაერთი გვერდი, სადაც არასრულწლოვნები ხშირად ხდებიან დაცინვისა და უხამსი შეფასებების ადრესატები.

ერთ-ერთი შემთხვევის შესახებ „კურიერს“ სალი ღონღაძე უყვება. მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ერთ-ერთი არასრულწლოვნის შიშველი სურათი სოციალური ქსელის მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფის განსჯისა და ქილიკის საფუძველი, მოზარდი კი საყოველთაო ბულინგის ობიექტი გახდა. ფოტოზე ასახული მოზარდის დასაცავად სალი ღონღაძემ სურათის აღება ჯერ გვერდის ადმინისტრატორს სთხოვა, შემდეგ კი რეაგირებისთვის 112-ში დარეკა.

ომბუდსმენის აპარატი მოზარდების ძალადობისგან დასაცავად დამატებითი მექანიზმების ამუშავების აუცილებლობაზე საუბრობს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ძალადობასთან და მის გამოვლინებებთან დაკავშირებით ცოდნის საკმაოდ დაბალი დონეა სკოლებში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ მოსწავლეებსა და პედაგოგებში კიბერბულინგი ძალადობად არ აღიქმება. ამ პრობლემაზე საუბრობენ სპეციალისტებიც.

განათლების სფეროში მომუშავე ექსპერტების აზრით, რომ კიბერბულინგი საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ძალადობის პრევენციისთვის გარკვეულ პროგრამებს განათლების სამინისტროსთან ერთად ახორციელებენ.

 

 

დღის ამბები