25 აპრილი 2024,   05:56
ვრცლად
2 მილიონ ლარიანი საათი ეშმაკის ბორბალზე - მერია თანხას ქალაქის ბიუჯეტიდან ხარჯავს

კახა კალაძე დედაქალაქის მოსახლეობის ეშმაკის ბორბალზე ახალი გიგანტური საათის დამონტაჟებას ჰპირდება. ატრაქციონის სრული რეაბილიტაციის შემდეგ თბილისის მერიამ გადაწყვიტა, მასზე თანხა ქალაქის ბიუჯეტიდანაც დახარჯოს.

ეშმაკის ბორბალზე საათსა და ახალი განათებას დაამონტაჟებენ. 2 მილიონ ლარიანი კონტრაქტი იტალიურ კომპანიასთან უკვე გაფორმდა.

პროექტი გასანათებელი საშუალებების მიწოდებას, მონტაჟს, ტესტირებასა და სამართავი სისტემით გაშვებას ითვალისწინებს.

ეშმაკის ბორბალზე საათის მონტაჟისთვის დასახარჯი თანხა მერიამ განსაკუთრებული ფორმით შეაგროვა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, 3 00 000 ათასი ლარი დააკლდება მეტროსადგურების რეაბილიტაციას, 100 000 ათასი გზებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობას, 390 000 ლარი კი ავარიული შენობების გამაგრებას.

ოპოზიციის აზრით, თბილისის მერიაში დედაქალაქის პრობლემებს არაადეკვატურად აფასებენ და ეს გადაწყვეტილებაც ამის შედეგია.

ხელისუფლების ოპონენტები შესაძლო კორუფციაზეც ეჭვობენ, რადგან კახა კალაძემ ამ სამუშაოების ჩაბარება და მილიონების გადახდა ისევ იტალიური კომპანიისთვის გადაწყვიტა.

კახი კალაძის მოადგილე კი აცხადებს, რომ მერიისთვის საათიანი ეშმაკის ბორბალი პრიორიტეტია.

მერიამ ეშმაკის ბორბალზე საათის მონტაჟისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაჩქარებულად განახორციელა.

დღის ამბები