დონალდ ტრამპის იურისტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში, შეერთებულ შტატებში სახალხო აჯანყებას არ გამორიცხავს. ეს განცხადება რუდი ჯულიანიმ "სქაი ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. იგი ამბობს, რომ ტრამპი ყველა საქმეში სუფთაა და საბოლოოდ საკამათო საკითხები მის სასარგებლოდ სრულდება.
პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება კონგრესში არაერთხელ მოითხოვეს.
ეს თემა კვლავ გააქტიურდა დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრთა სასამართლო პროცესების შემდეგ.
ერთის მხრივ, სასამართლომ მისი საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი დამნაშავედ ცნო. მეორეს მხრივ, კი პრეზიდენტის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში თავადვე აღიარა ჩადენილი დანაშაული. შესაძლო იმპიჩმენტის საკითხის განხილვას გამოეხმაურა თავად დონალდ ტრამპიც. ის ამბობს, რომ იმპიჩმენტის შემთხვევაში, ამერიკის ბაზარი ჩამოიშლება.