გერმანიის ქალაქ ხემნიცში მომხდარ არეულობას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.
ჰაიკო მაასის განცხადებით, ემიგრანტების საწინააღმდეგო ლოზუნგებით აქციების ჩატარება დაუშვებელია.
მისივე თქმით, გერმანელების უმრავლესობას ქვეყანაში ღია საზოგადოება სურს, სადაც ყველა ადამიანს პატივისცემით მოეპყრობიან.
არეულობა ხემნიცში ულტრამემარჯვენეების აქციას მოჰყვა.
ისინი მიგრანტების მიერ 35 წლის ადგილობრივის მკვლელობას აპროტესტებდნენ, თუმცა, მიტინგზე ნაციონალისტური შინაარსის ლოზუნგებითაც გამოვიდნენ. ვითარება კი მათი ოპონენტების - მემარცხენე აქტივისტების გამოჩენას მოჰყვა, რომლებმაც ასევე აქციის ჩატარება გადაწყვიტეს. მათ ოპონენტებისგან ნაცისტური პროპაგანდის შეწყვეტა მოითხოვეს. საბოლოოდ კი ორივე მიტინგის მონაწილეებმა ერთმანეთს ქვები და ბოთლები ესროლეს.
შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
.