24 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
”ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ” - ბანერის თბილისში დადგმაზე გარე რეკლამების კომპანია Outdoor.ge-მ უარი თქვა

”ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ” - ამ შინაარსის ბილბორდების თბილისში დადგმაზე გარე რეკლამების კომპანია Outdoor.ge-მ ანტისაოკუპაციო მოძრაობას უარი უთხრა. კომპანიამ მავთულხლართიანი ბილბორდის ვიზუალის და შინაარსის შეცვლა მოითხოვა.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მათი ბილბორდები Outdoor.ge-მ თბილისის ქუჩებში მხოლოდ იმის გამო არ დადგა, რომ რუსეთი ოკუპანტად იყო მოხსენიებული.

სარეკლამო კომპანია რეკლამების ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა და ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში რეკლამებს ანთავსებს. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ მისი დირექტორი ზურაბ პერტაიაა, რომელიც საქართველოსთან ერთად რუსეთის მოქალაქეა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტების თქმით, თბილისში ბანერის განთავსებაზე უარის თქმის მიზეზი შესაძლოა, კომპანიის ხელმძღვანელის პირადი ინტერესები გამხდარიყო.

ანტისაოკუპაციო ბანერების განთავსებაზე უარის თქმას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

სოციალურ ქსელში კომპანიის ოფიციალურ გვერდზე მომხმარებლები Outdoor.ge-ს აკრიტიკებდნენ და დედაქალაქში ბანერის განთავსებას ითხოვენ.

უარის გამო კომპანიას არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ. ქართული კომპანიის მიერ ანტისაოკუპაციო ბანერების დაბლოკვას ისინი "სამშობლოს ღალატს" უწოდებენ.

Outdoor.ge-ის დირექტორი ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ამტკიცებს, რომ ანტისაოკუპაციო ბანერის განთავსებაზე უარი ამის გამო არ უთქვამთ. მისი განცხადებით, მათი მოთხოვნა რეკლამის კანონის დაცვის შესაბამისად, პოსტერზე ინგლისურთან ერთად ქართული წარწერის განთავსება იყო.

იმ შემთხვევაში თუ ეს ვალდებულება დაკმაყოფილებული იქნება, ზურაბ პერტაია მზად არის, დედაქალაქში პოსტერები განათავსოს.

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე 

 

დღის ამბები