24 აპრილი 2024,   17:23
ვრცლად
"დელეგაცია უფრო წარმომადგენლობითი უნდა ყოფილიყო"-ოპოზიცია მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე დამსწრეთა სიას ეხმაურება

საქართველოს დელეგაცია უფრო წარმომადგენლობითი უნდა ყოფილიყო - ასეთია ოპოზიციის შეფასება მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე დამსწრეთა სიასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია საქართველო მაკკეინის დაკრძალვაზე ორკაციანი დელეგაციით წარდგება. აშშ-ში ამერიკელი სენატორისთვის პატივის მისაგებად პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, გაემგზავრებიან.

„ეს ადამიანი იყო მართლაც საქართველოს უერთგულესი მეგობარი, რომელმაც მთელს მსოფლიოს დაანახა თავისი გმირობით და მამაცობით როგორ უნდა დაუდგე გვერდით ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო წარმომადგენლობითი უნდა ყოფილიყო ეს დელეგაცია, რომ ჩვენ დაგვემტკიცებინა მთელი მსფოლიოსთვის თუ როგორ ვაფასებთ იმ ადამიანს რომელიც დავკარგეთ,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე და გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. გიორგი ვაშაძის განცხადებით ეს ვიზიტი უფრო მაღალ დონეზე უნდა ჩატარებულიყო.

„იყო მართლაც უზარმაზარი მხარდამჭერი, მეგობარი საქართველოსი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუდმივად ჩართული იყო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მასთან ყველა პირადი შეხვედრა, სადაც მე ვყოფილვარ და ხშირად ვყოფილვარ, ეს  იყო რაღაც საოცარი ენერგეტიკა, მუხტი იმ იდეის რასაც ჰქვია თავისუფალი სამყარო, თავისუფლებისთვის ბრძოლა. რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენლობას აშშ-ში, ვწუხვარ, რომ უფრო მაღალ დონეზე არ ხდება ეს ყველაფერი,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები