23 აპრილი 2024,   20:01
ვრცლად
საია-ს კვლევა და თეა წულუკიანის პროტესტი - ახალგაზრდა იურისტები იუსტიციის მინისტრს  ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ

ახალგაზრდა იურისტები თეა წულუკიანს ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ. სადამკვირვებლო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უწყებათაშორისო კომისიის ფორმატს თეა წულუკიანი პირადი მიზნებისთვის იყენებს. 

ასოციაციის წევრების თქმით, ნაცვლად იმისა, რომ კომისიამ წინასაარჩევნო დარღვევებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს, სადამკვირვებლო ორგანიზაციას თავს ესხმის.   

ახალგაზრდა იურისტებმა დღეს ოფიციალური განცხადებაც გაავრცელეს, რომელიც ეხება უწყებათაშორისო კომისიის ბოლო სხდომას და საია-ს კვლევას, რომელიც თეა წულუკიანმა ამ სხდომაზე განიხილა. თეა წულუკიანი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

სადამკვირვებლო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრი არა ადეკვატურად იყენებს კანონის მიერ მინიჭებულ მანდატს, როგორც უწყებათაშორისო კომისიის თავმჯდომარე.

დაპირისპირების მიზეზი კი ის კვლევა გახდა, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა. თეა წულუკიანმა საია-ს ანგარიში გააპროტესტა, სადაც საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრების ნათესაური და მეგობრული კავშირებით დანიშვნაზე.   

„ჩვენ ვსაუბრობდით სავარაუდო შემთხვევებზე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ნათესაურ კავშირებთან ამ სხვა ტიპის კავშირებთან. რამაც, შესაძლოა გავლენა მოახდინა კონკრეტული წევრების ადმინისტრაციაში დანიშვნასთან მიმართებით. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ნაწილი მედიაში გავრცელდა, ნაწილი ჩვენ თავად გადავამოწმეთ, ჩვენი რეგიონული ოფისების თანამშრომლების საშუალებით. ნაცვლად იმისა, რომ ამ ინფორმაციის შესწავლა მოეხდინა უწყებათაშორის კომისიაზე და გადაემოწმებინა რამდენად რეალური შეიძლება ყოფილიყო, მინისტრის მხრიდან ხდებოდა დემონსტრირება, მხოლოდ ცალმხრივი განხილვა ამ დოკუმენტის, ითხოვდა ისეთ მტკიცებულებებს, რომლის პირდაპირი  შექმნა და მოტანა შეუძლია მხოლოდ კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებს და მათ ხელეწიფებათ ამის გადამოწმება,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ  უწყებათაშორის კომისიაზე იუსტიციის მინისტრმა მოწოდება გააკეთა, რომ არსამთავრობო ორგანიზაციებმა „თავი შეიკავონ ცესკო-ს დისკრედიტაციის მცდელობის ან ამგვარ მცდელობაში მონაწილეობისგან, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე.“ 

დღის ამბები