23 აპრილი 2024,   12:55
ვრცლად
თრუსოს ხეობიდან გატაცებული 5 მოლაშქრე - საოკუპაციო რეჟიმმა იმ სოფლების არეალი გააფართოვა, საიდანაც მოქალაქეები მძევლად აჰყავთ

თრუსოს ხეობიდან გატაცებული მოლაშქრეების გადმოცემას მათი მშობლები ამ დრომდე გორის სამხარეო პოლიციასთან ელოდებიან. ბოლო ინფორმაციით 5 მეგობრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ცხინვალის სასამართლოში პროცესი უკვე დასრულდა. საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებული უშიშროების სამსახური მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს. ქართველ მოლაშქრეებს ცხინვალის იზოლატორიდან სავარაუდოდ შესაბამის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სავარაუდოდ ხვალ შუადღისთვის გადმოვლენ. 

როგორ მოხვდნენ თრუსოს ხეობის დასალაშქრად წასული მეგობრები საოკუპაციო რეჟიმის ხელში უცნობია. ამ დროისთვის დადასტურებული მხოლოდ ისაა, რომ ყელიწადის ტბაზე ისინი შაბათს დილით გაემგზავრნენ და უკან დაბრუნებას ორშაბათს გეგმავდნენ. ბოლო კონტაქტი მათ ოჯახებთან კვირას საღამოს ჰქონდათ.

ყელიწადის ტბა და მიმდებარე ხეობა ტურისტებისთვის და მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. მიუხედავად რთული რელიეფისა, ამ ადგილებს მოლაშქრეთა ჯგუფები ხშირად სტუმრობენ. ამ დრომდე ეს ტერიტორია ტურისტებისთვის სახიფათო არ ყოფილა. არსებობს ვერსია, რომ მოლაშქრეების დაკავება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. გადმოკვეთეს თუ არა ე.წ. საზღვარი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ახალგაზრდებს გაათავისუფლებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები