25 აპრილი 2024,   16:20
ვრცლად
„საქართველოს ხელისუფლების მიდგომა მასმედიის მიმართ საგანგაშო რჩება" - ევროკავშირის დამოუკიდებელი ექსპერტი

„ხელისუფლების მიდგომა მასმედიის მიმართ ასევე რჩება საგანგაშო,“ - ეს განცხადება დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ნონა მიხელიძემ, ევროპარლამენტში გააკეთა. 

დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე საქართველოსა და ევროკავშირის შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაზე მსჯელობა უჩვეულო კონტრასტების ფონზე წარიმართა. 

ოფიციალური ანგარიში საქართველოს შესახებ ანდრეს მამიკინსმა მოამზადა, რომელიც შედარებით ნაკლებად მწვავე იყო. თუმცა, ოფიციალურ ანგარიშთან მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვიდა ალტერნატიული დასკვნა, რომელიც ევროკავშირმა დამოუკიდებელ ექსპერტს დაუკვეთა. 

ნონა მიხელიძემ ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ, ჩაბუქის საქმეზე და მედიაზე ისაუბრა.

დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, რომ ქართული ოცნება მედიის გაკონტროლებას ცდილობს.

ასევე, მიხელიძე რუსთავი2 -ის საქმეზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლება სასამართლოს გზით ცდილობდა მის ხელში ჩაგდებას.

„რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვას, იყო ორი განსაკუთრებული შემთხვევა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება და მუსტაფა ემრე ჩაბუქის საკითხი. ხელისუფლების მიდგომა მასმედიის მიმართ ასევე რჩება საგანგაშო. მაშინ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს მედიაზე ძალადობრივი თავდასხმების ხორციელდებოდა პოლიციისა  და ძალოვანი უწყებების მიერ, ახალი მთავრობა სხვა მეთოდებს მიმართავს სარედაქციო პოლიტიკის გასაკონტროლებლად. ეს შეიძლება, იყოს ტელეარხების მფლობელთა შანტაჟი, რომლებიც სხვა ბიზნესსაც ფლობენ. ეს ეხება ტვ პირველის საქმეს. ასევე, სასამართლოს გამოყენება რუსთავი2-ის შემთხვევაში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლი, ასევე ტელეარხების გაერთიანება ერთი პროსახელისუფლებო არხის შესაქმნელად,“ - განაცხადა ექსპერტმა.

დღის ამბები