25 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
ძლიერი ხანძარი ხაშურის რაიონის სოფელ ცედანში - ცეცხლმა 10 ჰექტრამდე ფოთლოვანი ტყის მასივი გაანადგურა

200-ზე მეტი მეხანძრე მაშველი უკვე 24 საათია, ხაშურის რაიონის სოფელ ცედანში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობს. ცეცხლმა სოფელ ცედანთან 10 ჰექტრამდე ფოთლოვანი ტყის მასივი გაანადგურა. 

დღის მეორე ნახევარში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო და მთელი დღის განმავლობაში სტიქიის ზონაში 15-ჯერ შეფრინდა. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელები და რაიონის გუბერნატორი.

ხაშურში ხანძრის ჩასაქრობად პირველად გამოიყენეს ახალი სპეცტექნიკა. დღის მეორე ნახევარში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის 30 თანამშრომელიც ჩაერთო.

შალვა ხუციშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. ტყეში რამდენიმე კერის ლიკვიდაცია მოხდა და ახლა მეხანძრეები მხოლოდ დარჩენილი ორის ჩასაქრობად მუშაობენ.

ამ დროისთვის ხაშურის რაიონის სოფელ ცედანის ტყეში დაკვამლიანებაა. ავიაციამ მუშაობა შეწყვიტა და ადგილზე მხოლოდ მეხანძრე-მაშველები რჩებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით მოპყრობას გულისხმობს.

 

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები