25 აპრილი 2024,   11:34
ვრცლად
"ეს იაფფასიანი საბჭოთა პროვინციალიზმია" - რუსული პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლებს "ოკუპაციის შესახებ" კანონი აღიზიანებთ

რუსული მედიადესანტი, 3 ჟურნალისტის გამოკლებით, უკვე თბილისშია. საინფორმაციო სააგენტო იტარტასის სამხედრო კორესპონდენტს, გადამდგარ პოლკოვნიკს,  ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს, გენადი ბოდრიუგოვს და ალექსანდრე ტოკარიევს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ.

დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ მათ ჩამოართვეს პასპორტები და უთხრეს, რომ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ეცნობებოდათ, თუ რა გახდა მათი უკან გაბრუნების მიზეზი.

რუსული პროპაგანდისტული მედიის ის წარმომადგენლები, რომლებმაც საზღვარი უპრობლემოდ გადმოკვეთეს, ამბობენ, რომ გაოგნებულები არიან იმით, რომ კანონი "ოკუპაციის შესახებ" ასეთი მკაცრია. მან კანონის ეს პუნქტი საბჭოთა პრინციპებს შეადარა.

„ეს იაფფასიანი საბჭოთა პროვინციალიზმია. გახსოვთ სამოციან წლებში კომუნალური საცხოვრებლები? მართლა მგონია, რომ თქვენთან საბჭოთა ხელისუფლება დარჩა. ხალხი არ შემოუშვეს. ეს არის საბჭოთა აქანდაზის პრინციპი და სხვა არაფერი. სოხუმში ბაბუაჩემია დასაფლავებული. რამდენჯერაც წასვლა მომინდება, უნდა ვიკითხო? იქ, ალბათ, 20-30-ჯერ ვარ ნამყოფი,“ - განაცხადა დელეგაციის ერთ-ერთმა მთავარმა წევრმა, ალექსეი მალაშენკომ.

დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ მათთვის მიზეზი არავის განუმარტავს, თუ რატომ არ მისცეს ფორუმში მონაწილე პირებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება. ისინი პასუხის საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ.

„ჩემთვის  ნამდვილად შოკის მომგვრელია, რომ ხალხი არ შემოუშვეს. ეს მათი უფლებების დარღვევაა. სამი ადამიანი საზღვარზე არ გაატარეს. მიზეზი მეც არ ვიცი. მე არ წარმოვადგენ საქართველოს ხელისუფლებას, ამ კითხვაზე პასუხი მქონდეს,“ - განაცხადა პოლიტიკური ცენტრის ჩრდილოეთი და სამხრეთის წარმომადგენელმა, ვალერია რომაშენკომ.

რუსული პროპაგანდისტული მედიის მთავარი სახეები, კრემლთან დაახლოებული სამხედრო და პოლიტიკური მიმომხილველებთან ერთად, საქართველოს დედაქალაქში მედიაფორუმის ჩასატარებლად ჩამოვიდნენ. აღნიშნული ღონისძიებაც თავად კრემლიდან, კონკრეტულად კი ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო გრანტითაა დაფინანსებული.

ფორუმზე, რომელიც სამი დღე გაგრძელდება, ელოდებიან ტელეკომპანია ცარგრადის აქტიურ მიმომხილველს, დიმიტრი კოსირევს.

მას არაერთი პუბლიკაცია  აქვს გამოქვეყნებული, სადაც საუბარია, იყო თუ არა რუსული ოკუპაცია შეცდომა. ის ამავდროულად ამბობს იმასაც, რომ ახლანდელი დეფაქტო რეალობა საქართველომ უნდა მიიღოს და ამ ფორმით გააგრძელოს რუსეთთან ურთიერთობა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები