19 აპრილი 2024,   22:49
ვრცლად
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლები ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას ითხოვენ. რამდენიმესაათიანი ხმაურიანი განხილვა მაუწყებელში შედეგის გარეშე დასრულდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის ვადა დღეს გაუვიდათ.

თანამშრომლებმა ახალ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამსახური დღეს ავტომატურად დაკარგა 150-მდე ადამიანმა.

გათავისუფლებული თანამშრომლები პრემიერთან და პარტია ქართული ოცნების  თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, შეხვედრას ითხოვდნენ.

ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა აღნიშნა, რომ მაუწყებლის თანამშრომლები გენერალური დირექტორის გადადგომას მოითხოვენ.

„ვითხოვთ შეხვედრასა პრემიერმინისტრთან, ვითხოვთ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან, რადგან მის სახელთან ძალიან ასოცირდება ეს ადამიანი, ეს მისივე დამსახურებით, სხვათა შორის. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ პირადად მას, როგორც მოქალაქეს, ჩაერთოს ამ პროცესებში იმიტომ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტრიალებს ნამდვილად ძალიან მძიმე პროცესები, რაც აუცილებლად გამოიწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას საზოგადოებაში. ერთ-ერთი მოთხოვნა აუცილებლად იქნება გენერალური დირექტორის გადადგომა იმიტომ, რომ ის ვერ მართავს პროცესებს,“ - განაცხადა ზაუტაშვილმა.

ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის მოთხოვნას იზიარებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალური პროდიუსერი, დოდო შონავა. მისი თქმით, ვასილ მაღლაფერიძე ბიძინა ივანიშვილის სახელით ბრავირებს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამდგმელი ტელეოპერატორი, ტელეოპერატორთა გილდიის პრეზიდენტი, ბესო ორმოცაძე, აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიაში შტატების გაბერვა GDS-დან ჟურნალისტების გადმოყვანამ გამოიწვია.

ამ წუთებში ვასილ მაღლაფერიძე და გიორგი გვიმრაძე თანამშრომელთა კიდევ ერთ ნაწილს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან.

ახალი შეთანხმება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისთვის საათობრივ ანაზღაურებას ითვალისწინებს. თანამშრომლებისთვის გაუგებარია, რა გახდა მათი გათავისუფლების რეალური მიზეზი.  

ხვალ პროფკავშირების და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ და ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

ისინი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.

დღის ამბები