20 აპრილი 2024,   13:57
ვრცლად
დავიცვათ ბავშვები სოდომის პროპაგანდისგან! - „დინამო არენას“ შესასვლელთან აქცია იმართება

„დინამო არენას“ ცენტრალურ შესასვლელთან აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი ლგბტ პროპაგანდას აპროტესტებენ. დღეს სტადიონთან დიდი საპროტესტო გამოსვლა იყო დაგეგმილი, რომელიც არ ჩატარდა.

აქციაზე შეკრებილები უარყოფდნენ, რომ ისინი ე.წ. "ქართული მარშის" წევრები იყვნენ.

მათი თქმით, სამართალდამცავებმა მათი თანამოაზრეები დააკავეს და სხვადასხვა განყოფილებაში გადაიყვანეს.

აქტივისტების თქმით, გურამ კაშიას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სოლიდარობა არ უნდა გამოეცხადებინა.

„ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ნაკრები დავიცვათ სოდომის პროპაგანდისგან, რატომ? რომ დავიცვათ ჩვენი შვილები ამ ბოროტი პროპაგანდისგან“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციის ორგანიზატორები აგრესიულები იყვნენ  „რუსთავი 2"-თან და აცხადებდნენ, რომ ეკლესიის დავალებით, ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ. 

„რუსთავი 2“-ს არ მივცემთ იმიტომ, რომ არის საპატრიარქოსგან წამოსული ძალიან სწორი რჩევა,“ - აღნიშნავს ერთ-ერთი აქტივისტი.

აქციის წევრებს „დინამო არენას“ ცენტრალურ შესასვლელთან ბანერებიც ჰქონდათ მიტანილი, ზოგიერთი მათგანი შეურაცხმყოფელი შინაარსის იყო.

„სპორტი იყო პატრიოტიზმზე აგებული, ახლა მოშხამეს სიტუაცია, არ გვაძლევენ საშუალებას, რომ სპორტი იყოს პატრიოტიზმი, ეროვნულობა, ჯანმრთელობა, ჯანმრთელი ცხოვრების წესი. პოზიცია დააფიქსიროს თავის ოჯახში და ფეხბურთში რატომ შემოაქვს ძალადობა,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.

„დინამო არენაზე“ კი გურამ კაშიას გულშემატკივრები იმყოფებოდნენ და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ფეხბურთელს.

„სპეციალურად გურამისთვის ჩამოვედი საქართველოში, ის დიდი ხნის განმავლობაში იყო ვიტესის კაპიტანი. მან ასევე უეფას პრიზი მოიგო თანასწორობისთვის, ძალიან ვამაყობთ მისით და ძალიან გვენატრება,“ - განაცხადა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

დღის ამბები