19 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის ბრალდებებს თავდაცვის სამინისტრო პასუხობს

ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის ბრალდებებს თავდაცვის სამინისტრო პასუხობს. თავდაცვის სამინისტრო „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს.

უწყების გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ფაქტი, თითქოს, გარდაცვლილი სამხედროს, მირზა ჩიჩუას ოჯახს ფინანსურად არ დაეხმარნენ.

უწყება განმარტავს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში კომპენსაცია მართლაც არ უნდა გაცემულიყო, რადგან ჩიჩუას გარდაცვალების გამომწვევ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა, რაც სამედიცინო სპირტის დალევის გამო მოხდა. ამის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა იზორიამ პირადი ინდივიდუალური აქტით გარდაცვლილის მეუღლეს ფინანსური დახმარება გაუწია.

„თავდაცვის სამინისტრო ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებით აზუსტებს, რომ 2018 წლის 9 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულება შპს „უნიმედი სამცხე“-ში გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურის, 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლის, მირზა ჩიჩუას ოჯახს, კონკრეტულად მის მეუღლეს (მარი ახვლედიანი) თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 2018 წლის 12 ივლისს გაეწია ფინანსური დახმარება 8 750 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უწყებამ თანხის დაზოგვისა და კომპენსაციის არ გაცემის მიზნით, გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება. არც დასკვნის გაცემა და არც საქმის გამოძიება არ წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას.

მოგახსენებთ, რომ აღნიშნული შემთხვევა, დადგენილი წესების თანახმად არ ითვალისწინებს კომპენსაციის გაცემას. თავდაცვის მინისტრმა მირზა ჩიჩუას გარდაცვალებიდან ჯერ კიდევ მესამე დღეს ისარგებლა უფლებამოსილებით და პირადი ინდივიდუალური აქტით, გარდაცვლილის მეუღლეს გაეწია ფინანსური დახმარება.

თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს კანონის ფარგლებში იმოქმედოს და მხარი დაუჭიროს სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს. მხოლოდ 2016 წელს მინისტრის ინდაქტით დახმარება გაეწია 386 სამხედრო მოსამსახურეს 732 ათას 482 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წელს 515 სამხედრო მოსამსახურეს 732 ათას 645 ლარის ოდენობით, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური, სამედიცინო და ფინანსური კორესპონდენციის განმხილველი კომისიის მიერ 2016 წელს დახმარება გაეწია 241 სამხედრო მოსამსახურეს 1 მილიონ 477 ათას 175 ლარის მოცულობით, ხოლო 2017 წელს ამავე კომისიის მიერ 236 სამხედრო მოსამსახურეს 972 ათას 647 ლარის ოდენობით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები