ტელეკომპანია "იბერიას" გარშემო შექმნილი ვითარების გამო, კომპანიის წარმომადგენლები დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პირველი პირი მედიის საკითხებით განსაკუთრებით დაინტერესებულია.
„მედიის საკითხებით პრეზიდენტი ყოველთვის განსაკუთრებულად იყო დაინტერესებული, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება კრიტიკულად საჭიროებს იმას, რომ იყოს დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედია გარემო. პრეზიდენტი განსაკუთრებით მიადევნებს თვალყურს ამ საქმეს და ყოველთვის ღია იქნება, რომ შეხვდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ მედიის დამოუკიდებლობისთვის იმოქმედონ და იმუშაონ,“-განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.
ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლები და თანამშრომლები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი მოითხოვენ მოხდეს გამოძიება - თუ ვინ და რატომ ახორციელებდა ზეწოლას ტელეკომპანიის დამფუძნებლებზე მაუწყებლის დათმობასთან დაკავშირებით. ამ მოთხოვნით მათ გუშინ აქცია გამართეს. რამდენიმე საათის განმავლობაში შეწყვეტილი იყო ტელეკომპანიის მაუწყებლობაც.
არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მმართველ გუნდს ქვეყნის მთავარი პროკურორის და შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარებას ურჩევს.
„ჟურნალისტებთან ომი არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია და ვერც ეს ხელისუფლება მოიგებს,“-განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.