16 ოქტომბერი 2018,   13:10
ვრცლად
91 წლის შშმ პირი დემურ კვაჭაძე ქუთაისში მოწყალებას ითხოვს - ის ხალხმრავალ ადგილზე ყოველდღე შვილიშვილს მიჰყავს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 91 წლის დემურ კვაჭაძე ქუთაისში მოწყალებას ითხოვს. ის ხალხმრავალ ადგილზე ამისთვის ყოველდღე შვილიშვილს მიჰყავს. გვიან საღამოს ასევე მანქანით მოხუცი სახლში ოჯახის წევრებს მიჰყავთ.

ჭავჭავაძის გამზირზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დემურ კვაჭაძეს ყველა იცნობს. მოვაჭრეები მისი მდგომარეობით არაერთხელ შეწუხდნენ და პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოხუცი მათხოვრობას წლებია, აგრძელებს.

მოვაჭრეებს უკვირთ, რატომ ითხოვს მოწყალებას მოხუცი მაშინ, როცა მის ოჯახს ფინანსურად არ უჭირს.

მოხუცის მდგომარეობით დაინტერესდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმაც.

დემურ კვაჭაძის შვილიშვილი ადასტურებს, რომ ბაბუა მოწყალების სათხოვნელად მის ძმას ჭავჭავაძის გამზირზე ნამდვილად ყოველდღე გაჰყავდა, თუმცა, ამტკიცებს, რომ ოჯახი მოხუცს არაფერს აიძულებს.

კვაჭაძის შვილიშვილი "კურიერთან" ჰყვება, რომ შეგროვილი თანხა ბაბუას სახლში მიჰქონდა და ამ თანხით ისინი მოხუცისთვის მედიკამენტებს ყიდულობდნენ.

დემურ კვაჭაძის მეზობლები ყვებიან, რომ ოჯახს ფინანსურად არ უჭირს, მაგრამ მოხუცი აგრესიული ხდება, როდესაც შვილიშვილს სამათხოვროდ არ მიჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოკითხა, როგორც თავად დემურ კვაჭიძე, ასევე მისი ოჯახის წევრები. სამართალდამცველებმა ამ ეტაპზე საქმეში ძალადობის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს.

 

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი 

დღის ამბები