17 ნოემბერი 2018,   11:45
ვრცლად
"მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას ვაგრძელებ" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

"ულტიმატუმის ვადის გასვლის მიუხედავად გეგმები არ შეცვლილა და მოთხოვნაც იგივე რჩება - გადადგეს ხელისუფლება," - ამის შესახებ განცხადება რუსთაველის გამზირზე მყოფმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემა არჩევანში ჩართვისას გააკეთა.

მასთან ერთად არ იმყოფება ზაზა სარალიძე, რომელიც აქციის მსვლელობის დროს პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა. ის სასაწრაფო დამხარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ზაზა სარალიძეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.

„კინაღამ ზაზაც გამომეცალა ხელიდან. ენა მე ამოვუწიე. კრუნჩხვები დაემართა, გაითიშა ადამიანი,“ - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მისივე თქმით, ის არ აპირებს დანებებას და ბრძოლა გაგრძელდება.

„მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას მაინც გავაგრძელებ. რაც შეეხება ულტიმატუმს, ის ძალაში რჩება, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ მას იმედი გადაეწურა, რომ მისი შვილის მკვლელი დაისჯება. მალხაზ მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ზაზა სარალიძის მოთხოვნას ხელისუფლება სწორედ მისი ფაქტორის გამო არ ასრულებს.

დღის ამბები