18 აპრილი 2024,   20:35
ვრცლად
"სად ხართ ის ადამიანები, სანდრო გირგვლიანი რომ გეკერათ და ქუჩა-ქუჩა რომ დაბღაოდით, ზაზა სარალიძის შვილი შვილი არ არის? - ელისო კილაძე

"ხელისუფლებას ტყუილად ჰგონია, რომ, თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეაშინა და მეორე ნაწილი არის დეზინფორმაციის მსხვერპლი, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მარტო დარჩება რუსთაველის გამზირზე," - ამის შესახებ განცხადება გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ელისო კილაძე  აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან ეშინია ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის.

„ორი ადამიანის ასე ძალიან ეშინია ამ ხელისუფლებას და აუცილებლად შეეშინდება ხალხის იმ რაოდენობის, რომელიც აუცილებლად გამოვა მათ მხარდასაჭერად,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

მისივე თქმით, შვილმკვდარ მამებს ხელისუფლებამ გამოსავალი არ დაუტოვა და მათ მიმართეს რადიკალურ ნაბიჯებს.

ელისო კილაძე ასევე მიმართავს შს მინისტრს და განმარტებას ითხოვს, რატომ მოიპარეს აქციაზე მყოფმა პოლიციელებმა კარავი, რომლის გაშლასაც გეგმავდა ზაზა სარალიძე.

„აქციაზე მივიდა ქურდულად პოლიციის ჯგუფი და აქციიდან კარავი მოიპარა. როდის ხდებოდა ეს ჩვენს ქვეყანაში, როდის ხდებოდა, იქნებ გამახსენოთ,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

მან მოქალაქეების იმ ნაწილსაც მიმართა, რომლებიც საუბრობდნენ იმაზე, რომ წინა აქციაზე ზაზა სარალიძის გვერდით პოლიტიკურ პარტიები იდგნენ.

ელისო კილაძე აცხადებს, რომ ზაზა სარალიძის გვერდი ახლა დგანან რიგითი მოქალაქეები და ეს ადამიანები, რომლებიც მანამდე აკრიტიკებდნენ შვილმკვდარ მამებს, ამ ყველაფერს ტელევიზორიდან უყურებენ

"სად ხართ ის ადამიანები, რომლებიც ირინა ენუქიძის სახელით სპეკულირებდით და მოხვედით ხელისუფლებაში. სანდრო გირგვლიანი რომ გეკერათ და ქუჩა-ქუჩა რომ დაბღაოდით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, 2011 და 2012 წელს? რა, ზაზა სარალიძის შვილი შვილი არ არის, მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი შვილი არ არის?“ -განაცხადა ელისო კილაძემ.

  

დღის ამბები