19 სექტემბერი 2018,   21:40
ვრცლად
"დღეს ჩემი მთავარი ფიქრი არის ის, რომ ზაზა სარალიძეს დროზე დაუბრუნდეს ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობა" - არჩილ თალაკვაძე

ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი, არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას არჩევანის ეთერში ეხმაურება.

აქციაზე ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა, რადგან სამართალდამცავებმა აქციის წევრებს კარვების გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს. ამას კი სამართალდამცავებსა და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ზაზა სარალიძის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა კარვები წაიღეს.

„დღეს ჩემი მთავარი ფიქრი არის ის, რომ ზაზა სარალიძეს დროზე დაუბრუნდეს ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობა, ის დაუბრუნდეს ნორმალურ საზოგადოებრივ პროცესს და პირადად გახდეს მონაწილე იმ რეფორმების, იმ ცვლილებების, რომელიც სკოლაში არის გასატარებელი, რომელიც საზოგადოებაში არის გასატარებელი, რომელიც საგამოძიებო პროცესში არის შესაცვლელი იმიტომ, რომ სხვა ამ ადამიანს ტკივილს ვერაფერი ვერ შეუმსუბუქებს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა უმნიშვნელოვანესია.

„დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა არის არა მხოლოდ ხელისუფლების, მთელი საზოგადოების გამოწვევა. ის ადამიანები, რომელთაც დაკარგეს ოჯახის წევრები, ის ადამიანები, რომელთაც წარსულში მიიღეს ტკივილი, მიიღეს კონკრეტული ზარალი, რომელთა ცხოვრებაც უარესობისკენ შეიცვალა დანაშაულის გამო ამ ქვეყანაში, დანაშაულთან ბრძოლა არის ყველას გამოწვევა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები