18 აპრილი 2024,   18:22
ვრცლად
მარიხუანის კულტივაცია - მღვდელმთავრები ხელისუფლებას უპირისპირდებიან

წმინდა სინოდის წევრები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო უპირისპირდებიან. ამ წუთებში საპატრიარქოს ორგანიზებით დაგეგმილი კონფერენცია იმართება. მღვდელმთავრები საქართველოში კანაფის მოყვანის რისკებსა და დეკრიმინალიზაციის საფრთხეებზე მსჯელობენ.  

„სპეციალისტების აზრით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ნარკომომხმარებელთა რაოდენობით. შესაბამისად, მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ მძიმე ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა ყველა რისკის გათვლა და სპეციალისტების აზრის მაქსიმალურად გათვალისწინება... საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა და ნეგატიური განწყობა გააჩინა. ოთხი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგაიამ შესაძლებელად მიიჩნია დღევანდელი კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა, რომ მარიხუანის მოხმარება პიროვნული განვითრების თავისუფლებას უკავშირდება. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით შექმნა ახალი იდეოლოგიური პარადიგმა, რომლის მიხედვითაც, თვითგანვითარების ცნება მარიხუანის მოხმარებასაც გულისხმობს, რაც ჩვენს სარწმუნოებას და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს, რასაც ეკლესია ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება,“- განაცხადა მეუფე შიომ.

ბოდბელი ეპისკოპოსისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის აზრით, მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ეროვნულ უსაფრთხოებაზე დიდი დარტყმა იქნება. მან ავღანეთისა და კოლუმბიის მაგალითები მოიყვანა.

„კარგია, როცა ფიქრობ, რომ ბიუჯეტი შეავსო, მაგრამ, ალბათ სხვა გზა უნდა მოვნახოთ, ეკონომიკა გავაძლიეროთ ჯობია. ჯობია, წლები ვიწვალოთ, ვიდრე, ვითომ, იოლი გზით წავიდეთ. შიგნით ეგ ცუდ რაღაცებს გამოიწვევს. ეს ხომ ჯერ ინიციატივა გაჟღერდა, მოთელვასავითაა, არის რაღაცა, რასაც არ დავთმობთ, საკმაოდ დიდი ძალა აქვს საპატრიარქოს, ქართულ ეკლესიას და ყოველთვის დავდგებით სახელმწიფოს ძლიერებას, არავის დავაჩაგვრინებთ ჩვენს ქვეყანას,“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტიც, მეუფე ანტონი მარიხუანის კულტივაციის შესახებ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს.

„ეს ისეთი რამ არის, რაც დროში ჩანს, ისე არ ჩანს, ფაქტობრივად, დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მხარს უჭერენ, ასაკში რომ იქნებიან, პირველები იქნებიან, რომლებიც უარყოფითს გამოხატავენ. არ მგონია, რომ საქართველოს ამ გზით შეშვენოდეს ეკონომიკის გაძლიერება. ხილი ვერ გააქვთ საზღვარგარეთ. იზრუნონ ჩვენი ღვინის პოპულარიზაციაზე, ვენახის, გაშენებაზე, ამაზე დახარჯონ ენერგია,“- განაცხადა მეუფე ანტონმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები