18 აპრილი 2024,   13:49
ვრცლად
ზურაბიშვილის განცხადება აგვისტოს ომზე საფუძველს იძლევა, რომ პროცესი, რომელიც ჰააგაში მიმდინარეობს დასრულდება ფიასკოთი - ანა დოლიძე 

სალომე ზურაბიშვილის განცხადება აგვისტოს ომზე იმის საფუძველს იძლევა, რომ პროცესი, რომელიც ჰააგაში მიმდინარეობს საქართველომ წააგოს სრული ფიასკოთი - ეს განცხადება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ გააკეთა.

დოლიძე პრეზიდენტობის კანდიდატის გუშინ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ზურაბიშვილმა საქართველო ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2008 წელს საკუთარ მოსახლეობას ბომბავდა. 

დოლიძის თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები დარტყმაა საქართველოს პოზიციაზე, რომელიც უკვე უკვე წლებია ჰააგაში რუსეთის მიერ ომის დაწყებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის დადასტურებას ცდილობს. 

„10 წელზე მეტია, უამრავი ადამიანი იღწვის საერთაშორისო დონეზე, ჰააგაში, სტრასბურგში, რომ დადგინდეს რუსეთის აგრესია, დადგინდეს, როგორ დაზარალდა საქართველოს მოსახლეობა რუსეთის აგრესიიდან. თუ ეს განცხადებები, რომელსაც დღეს როგორც კანდიდატი, აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, გამეორდა შემდეგ უკვე პრეზიდენტის მიერ, ეს ნიშნავს პირდაპირ დარტყმას იმ ყველა ადამიანის ღვაწლზე და იმის დადგენაზე, რომ ეს ომი დაიწყო რუსეთმა და რომ სწორედ რუსეთმა დააზარალა ჩვენი მოსახლეობის ინტერესები. ესეთი განცხადებები გაკეთებული პრეზიდენტის ტრიბუნიდან, თითქმის იძლევა გარანტიას, რომ ამ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ჰააგაში და სტრასბურგში, ეს პროცესები დასრულდება ფიასკოთი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები