14 ნოემბერი 2018,   11:55
ვრცლად
კანაფის მოყვანა-წარმოების ლეგალიზება - „ქართული ოცნების“ მინისტრები კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობენ 

„ქართული ოცნების“ მინისტრები მარიხუანის კულტივაციის გადაწყვეტილებაზე მუშაობენ. მინისტრებმა ხმაურიანი თემა პირველ საკითხად განიხილეს. პრემიერის დღევანდელი განცხადებიდან გაირკვა, რომ მთავრობა ჯერ კანონს შეცვლის და მარიხუანას კულტივაციას ლეგალურს გახდის, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს მსჯელობას ვინ და რა პირობებით მიიღებს ლიცენზიას. 

მთავრობის ეკონომიკური გუნდი დღეს ამტკიცებდა, რომ მარიხუანას კულტივაციის შედეგად ქვეყანა დიდი შემოსავალს მიიღებს, თუმცა საქართველოში რა ეკონომიკურ გათვლებს ეყრდნობოდნენ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს არ უთქვამთ. მთავრობაში ჯერ არც ის იციან, რა ეღირება ლიცენზია, რომელიც კომპანიებმა მარიხუანას პლანტაციების გაშენებისთვის მთავრობისგან უნდა მიიღონ.  

კანონში ცვლილებები, რომელიც მარიხუანას პლანტაციების გაშენებას ლეგალურს გახდის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციტივით შედის. პასუხისმგებლობასაც, რომ ქვეყანაში სამედიცინო მიზნებისთვის მოყვანილი და ექსპორტზე გასატანი მარიხუანა ადგილობრივ შავ ბაზარზე არ მოხვდება აღნიშნული უწყება იღებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონში ცვლილებების შეტანა „ქართულმა ოცნებამ“ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით მარიხუანას მოხმარება ლეგალურ გახდა.  

საკანონმდებლო ცვლილებები კანაფის მოყვანა-წარმოების ლეგალიზებას ითვალისწინებს, თუ ის სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, ექსპორტისთვის იქნება მოყვანილი. მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარალელურად მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს.  

დღის ამბები