24 აპრილი 2024,   11:46
ვრცლად
მორიგი სკანდალური განცხადება - სალომე ზურაბიშვილის მტკიცებით, 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები დაბომბა

პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, მოსახლეობასთან ყველაზე მასშტაბურ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველო მისივე მოქალაქეების დაბომბვაში დაადანაშაულა.

ზურაბიშვილის ეს სკანდალური განცხადება დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციამ მესხიშვილის თეატრთან გააპროტესტეს. პლაკატებით მობილიზებული აქტივისტების გამო, საზეიმოდ ცენტრალური შესასვლელი კარის ნაცვლად, პრეზიდენტობის კანდიდატი თეატრის შენობაში უკანა კარიდან შევიდა და გამოვიდა.

ხმაურიანი პროტესტის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილს დღეს სცენაზე 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის გამომწვევ მიზეზებზე არ უსაუბრია. პრეზენტაციაზე ზურაბიშვილმა მხოლოდ მის სუსტ და ძლიერ მხარეებზე ილაპარაკა. მისი თქმით, მძიმე ხასიათი აქვს და პრეზიდენტად მოდის იმისთვის, რომ "ქაჯები დაითხოვოს".

სალომე ზურაბიშვილი დღეს საზოგადოებას „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა წარუდგინა. კახა კალაძემ სცენიდან განაცხადა, რომ ზურაბიშვილი ყველაზე ღირსეული კანდიდატია.

სკანდალური განცხადების შემდეგ ზურაბიშვილის მთავარი ლობისტი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იყო, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინთან აგვისტოს ომის დროს ფარულ გარიგებას აწარმოებდა.

სალომე ზურაბიშვილს მისი კონკურენტები კი სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ. საპრეზიდენტო კანდიდატები ოპოზიციიდან ზურაბიშვილს საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე პროცესებს ახსენებენ. ისინი ასევე იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ ოკუპანტი მხარე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ომის დაწყებაზე საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს.

ოპოზიციას ეთანხმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ანა დოლიძე, რომელიც ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე სარჩელის ავტორია, მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის განცხადებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.  

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები