20 აპრილი 2024,   03:08
ვრცლად
წინასაარჩევნოდ სისტემური დარღვევები არ იკვეთება - საპარლამენტო უმრავლესობა ISFED-ის შუალედურ ანგარიშს აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ სისტემური დარღვევები არ იკვეთება. „ქართული ოცნების“ წევრები არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ შუალედურ კვლევას ეხმაურებიან, სადაც წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული და გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი.

„ქართული ოცნების“ წევრების თქმით, თუ წინასაარჩევნოდ რაიმე დარღვევა გამოვლინდა, ეს მხოლოდ ცალკეული შემთხვევაა და ამას სისტემური ხასიათი არ აქვს.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრი, კობა ნარჩემაშვილი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩაივლის.

„ძალიან კარგია, რომ ასეთი ორგანიზაციები იმისთვის, რომ ცესკო-მ, სხვა ორგანიზაციებმა იმუშაოს სწორად აქვეყნებენ ასეთ შუალედურ ანგარიშებს. საბოლოო ჯამში, მთავარი არის, როგორ ჩატარდება არჩევნები და იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს, იმ დატვირთვიდან გამომდინარე, რომელიც საპრეზიდენტო ინსტიტუტს აქვს, მე აბსოლუტურად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნები ჩაივლის ძალიან სამართლიან და კონკურენტულ უნარიან გარემოში,“ - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

კონკრეტულ გამოვლენილ დარღვევებს რომ შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, ამაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე, გიგა ბუკია. მისი თქმით, დარღვევები უნდა გასაჩივრდეს, თუმცა, აცხადებს, რომ აღნიშნული ხარვეზები სისტემური ხასიათის არ არის.

„შეიძლება, კონკრეტული ფაქტები იყოს, მთავარია, ეს არ არის სისტემური და თუ კონკრეტული ფაქტებია, ამაზე შესაბამისი რეაგირება მათ უნდა მოახდინონ, შეიტანონ შესაბამისი საჩივარი და განიხილავს მათივე წარმომადგენელიც ესწრება ცესკო-ში ამ საკითხების განხილვას და ამისთვის მათ აქვთ ბევრი საშუალება,“ - აცხადებს გიგა ბუკია.

წინასაარჩევნო გარემოს შესახებ შუალედური შეფასება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ დღეს გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ კვლევაში საარჩევნო ადმინისტრაციასა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას აკრიტიკებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები