25 აპრილი 2024,   04:58
ვრცლად
„იბერიას“ ჟურნალისტები სახალხო დამცველს შეხვდნენ - ლომჯარიამ ტელეკომპანიის საქმის შესწავლა დაიწყო

ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები და საინფორმაციო სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდნენ. ტელევიზიის თანამშრომლებმა ნინო ლომჯარიას „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებული მოვლენები დეტალურად გააცნეს.

შეხვედრაზე ბიზნესსა და კრიტიკულად განწყობილ მედიაზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრეს. სახალხო დამცველმა „იბერიას გარშემო“ განვითარებული მოვლენების შესწავლა უკვე დაიწყო.

„სახალხო დამცველი გააკეთებს ყველაფერს ჩვენ ხელთ არსებული რესურსის თუ მანდატის ფარგლებში, რომ დავიცვათ ნებისმიერი ჟურნალისტის საქმიანობის დამოუკიდებლობა და ჩაურევლობა. ჩვენ უკვე დავიწყეთ შესწავლა საქმის გარემოებების, იგივე ლაის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ „ომეგა ჯგუფს“ აქვს გარკვეული პრეტენზიები. ჩვენ ოფიციალურად უკვე მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს. ჩვენს პოზიციებს მას შემდეგ ჩამოვაყალიბებთ, რაც ოფიციალურად გვეცნობება პასუხები იმ კითხვებზე, რაზე გაგვაჩნია. ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება, იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები, გამოძიება უნდა დაიწყოს, ასევე მნიშვნელოვანია სწორი კვალიფიკაციით გამოძიების დაწყება,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა განცხადება გააკეთა. ვახტანგ ხუზმიაშვილის თქმით, ტელეკომპანიაზე თავდასხმა ხორციელდება და ჟურნალისტებს მუშაობის უფლება ეზღუდებათ.

„იმხელა თავდასხმაა ტელეკომპანია „იბერიაზე“, რომ ჩვენ მოგერიების რეჟიმზე ვართ გადასულები, იმედია, რომ შეწყდება ეს თავდასხმა. მიეცემა ლეგალურ ბიზნესს, ტელეკომპანია „იბერიას“ მუშაობის საშუალება. ახლა რა ხდება, სისხლის სამართლის კოდექსით, ჰქვია ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა,“- განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები