14 ნოემბერი 2018,   05:38
ვრცლად
განახევრებული ფასები ყურძენზე - კახეთში, შესაძლოა რთველი ჩაიშალოს

კახეთში რთველი შესაძლოა ჩაიშალოს. გლეხები ყურძენზე დაწესებულ ფასებს აპროტესტებენ. გიორგი ლეგაშვილმა გურჯაანში 2 ჰექტარზე ყურძენი ბანკიდან აღებული კრედიტით მოიყვანა. გლეხის მტკიცებით, თანხას, რომელიც მოსავლისთვის დახარჯა, ვერ აინაზღაურებს, რადგან ქარხნები კილოგრამ რქაწითელს მხოლოდ 70 თეთრად ან უფრო ნაკლებად იბარებენ.

რქაწითელის გარდა, შარშანდელთან შედარებით, თითქმის განახევრდა საფერავის ფასიც. კილოგრამ საფერავს ქარხნები ბოლო მონაცემებით, ლარად და 80 თეთრად იბარებენ. მევენახეები მთავრობას დაპირებებს ახსენებენ.

გლეხების მტკიცებით, კომპანიები, რომლებიც ყურძენს იბარებენ, ფასს დღის განმავლობაში რამდენჯერმე ცვლიან. მაგალითად, წნორის ღვინის ქარხანაში ყურძნის ფასმა მეორე დღეა 60 თეთრამდე დაიწია. მევენახეების უმრავლესობა ყურძნის ჩაბარებაზე უარს აცხადებს და მოსავალი სხვა რაიონებში გადააქვს.

”რთველი 2018”-ის შტაბში აცხადებენ, რომ ფასებს კერძო კომპანიები აწესებენ და მათი კონტროლის უფლება არ აქვთ.

შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.

ავტორი: ია გულიაშვილი 

 

დღის ამბები