25 აპრილი 2024,   08:58
ვრცლად
ვიყენებთ ყველა ბერკეტს რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს - ქეთევან ციხელაშვილი ინტერპოლის მიერ დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევზე ძებნაზე

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე წითელი ცირკულარით ძებნის დაწყების გადაწყვეტილებას, თბილისში ეხმაურებიან.

განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში, სახელმწიფო მინისტრმა გააკეთა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება სამართლის აღსასრულებლად მომავალშიც ყველა ბერკეტს გამოიყენებს.

„ეს აუცილებელი ნაბიჯია იმიტომ, რომ ჩვენ ვიყენებთ ყველა ბერკეტს რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დამნაშავეები იქნან დასჯილი. ისევე როგორც ოთხოზორიას მკვლელის შემთხვევაში, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია და არის უკვე ბრალდებული ქართული სასამართლოს მიერ,“-აცხადებს ციხელაშვილი.

ოპოზიცია კი მთავრობას საერთაშორისო ასპარეზზე მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ,  რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის მიმართ, კანონით გათვალისწინებული სასჯელი უნდა იყოს გამოყენებული.

ინტერპოლმა დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. 

ორივე მათგანი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში - არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილის და ლევან ქუტაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არჩილ ტატუნაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში წამების გამო.

„ინტერპოლის წევრ რომელიმე სახელმწიფოში ხსენებული პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში, საქართველოს მხარის მიერ გატარებული იქნება ყველა აუცილებელი ღონისძიება მათი საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე მათ წარსადგენად,"-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები