25 სექტემბერი 2018,   18:01
ვრცლად
გინდა ვიდეო ჰქონდეთ, გინდა აუდიო ჩანაწერი, 50 მილიონი ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ - ფინანსთა მინისტრი "იბერიას" საქმეზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მინისტრი სკანდალური აუდიოჩანაწერებზე არ საუბრობს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ „ომეგა ჯგუფმა“ არსებული დავალიანება უნდა დაფაროს.

„ბიუჯეტის გადასახადი უნდა გადაიხადონ, გინდა ვიდეო ჰქონდეთ, გინდა აუდიო ჩანაწერი, 50 მილიონი ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ. ერთადერთი, რასაც ვადასტურებ არის დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, რომელიც სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა და ეს უნდა გაჩერებულიყო. კეთილი ინებონ და გადაიხადონ,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

ტელეკომპანია „იბერია“ საგანგებო მაუწყებლობაზე თითქმის ერთი კვირაა, რაც გადავიდა. ჟურნალისტები და მენეჯმენტი ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მთავრობა „ომეგა ჯგუფს“ ფინანსურ პრობლემებს „იბერიას“ დათმობის მიზნით უქმნის.

ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი „ომეგა ჯგუფია“. არხის მფლობელების თქმით, მათ 51-მილიონიანი დავალიანების სანაცვლოდ, ტელევიზიის დათმობას სთავაზობდნენ. 

დღეს „კურიერმა“ ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი  მოიპოვა, სადაც ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცენ.

სანდო წყაროს მიერ „კურიერისთვის“ მიწვდილ აუდიოჩანაწერში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გვარები ისმის.

„კურიერის“ სანდო წყაროს ინფორმაციით, ასევე არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები