20 აპრილი 2024,   14:38
ვრცლად
18 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება - შსს თორნიკე მერებაშვილის ოჯახის პროტესტს ეხმაურება

18 წლის ახალგაზრდის, თორნიკე მერებაშვილის ოჯახის პროტესტს და გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

უწყების ინფორმაციით, მერებაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც მოიცავს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს-ს ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მერებაშვილის გარდაცვალების მიზეზი სოფელ ხელთუბანთან მომხდარი ავარია გახდა.

„ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხული 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად - კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით - დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა,“ - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამ წუთებში მერებაშვილის თანასოფლელები გორის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. მათ მერიის შენობასთან მისვლამდე პროტესტის ნიშნად გორის ავტობანიც გადაკეტეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა.

დღის ამბები