15 ნოემბერი 2018,   07:08
ვრცლად
ხელისუფლებას უნდა ამის ჩაფარცხვა, ზეწოლას ახდენენ ბიზნესმენზე - კახა მიქაია ზუგდიდის მერიაში კორუფციულ სკანდალზე საუბრობს

„ზუგდიდიდან მომდის ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას უნდა ამის ჩაფარცხვა, ზეწოლას ახდენენ ბიზნესმენზე, რომ თითქოს, ეს მარტო საუბარი იყო და მეტი არაფერი, არ გამოიძიონ ეს საქმე,“- ამის შესახებ „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა მიქაიამ ზუგდიდის მერიაში არსებულ შესაძლო კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით განაცხადა.

მიქაიამ, რომელმაც სკანდალური ფარული ჩანაწერი „კურიერს“ გადასცა, ამბობს, რომ ხელისუფლება კორუფციული ფაქტის მიჩქმალვას გეგმავს. 2012 წლამდე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი სკანდალური საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.

კახა მიქაია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ხვალ არის დაბარებული. "დაიცავი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი" მზად არის, გამოძიებას ჩანაწერებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. 

„კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს, სასწრაფოდ დაიწყეთ გამოძიება. ბატონო ბიძინა, თქვენი ჩინოვნიკები არიან კორუმპირებული ადამიანები, კორუფციონერები. გულორდავები, ქობულიები, შონიები, ქვარაიები არიან კორუფციონერები. თუ ხელისუფლებამ ეს საქმე ჩაფარცხა და მარტო თქვეს, რომ ეს შურისძიება იყო მიქაიასგანო, გამართლდება მოარული აზრი, რომ კორუფციას მფარველობენ ვიღაც ჩინოვნიკები კი არა, არამედ კორუფციას მფარველობს ბიძინა ივანიშვილი. ბატონო ბიძინა, არ ჩაძიროთ საბოლოოდ კორუფციის ჭაობში სამეგრელო და მთლიანად საქართველო,“- განაცხადა კახა მიქაიამ.

სკანდალურ აუდიოჩანაწერსა და შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით უკვე სამი საათია, ზუგდიდის ყოფილ ვიცე-მერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კითხავენ. გია გულორდავა ყოფილი მერის სკანდალის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. სუს-მა გამოძიება „კურიერის“ ეთერში სკანდალური ჩანაწერების გასვლის შემდეგ დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები