24 აპრილი 2024,   18:57
ვრცლად
ქვეყანაში არის ელიტური კორუფცია - ნატო ჩხეიძე "იბერიას" საქმეზე გავრცელებულ მორიგ სკანდალურ აუდიოჩანაწერს აფასებს

ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი, პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის მოადგილე, ნატო ჩხეიძე მორიგ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე და ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ფიგურირებენ.

ნატო ჩხეიძის განცხადებით, „ომეგა ჯგუფს“ ფინანსური პრობლემები ხელოვნურად შეუქმნეს და ეს პროცესი უკვე ორი წელია მიმდინარეობს.

„უკვე ორი წელიწადია, „ომეგა ჯგუფს“ შექმნილი აქვს, ნამდვილად, ხელოვნური ფინანსური პრობლემები. ფაბრიკა გაჩერებული იყო სამჯერ. ალბათ, ერთ-ერთი გაჩერების დროინდელი ჩანაწერია. ეს ჩანაწერი, სხვა ჩანაწერებიც, არა მხოლოდ ეს, არამედ ის ყველაფერი, რაც გვესმის, ვიცით, ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში არის ელიტური კორუფცია,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრისას ნატო ჩხეიძე აღნიშნავს, რომ რა ფორმით იყო ის ჩართული, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

„ჩანაწერის მიხედვით, ასე ჩანს, რომ ჩართულია, გულშემატკივარია და უნდა გადანაწილდეს და ვისზე, რამდენი, როგორ, რანაირად, ამას მე  ვერ მოგახსენებთ,“ - აცხადებს ჩხეიძე.

„კურიერმა“ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი მოიპოვა, სადაც ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცენ.

სანდო წყაროს მიერ „კურიერისთვის“ მიწვდილ აუდიოჩანაწერში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გვარები ისმის.

ჩანაწერში ისევ საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ.

რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსსა და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს ახსენებს, როგორც მათ გულშემატკივარს. ასევე ყოფილ ვიცე-პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს.

ეს არის უკვე მესამე აუდიოჩანაწერი, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა და გაასაჯაროვა. სანდო წყაროს ინფორმაციით, ასევე არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები