19 აპრილი 2024,   10:21
ვრცლად
პროტესტი თეა წულუკიანს - არასამთავრობოების დიდი ნაწილი უწყებათაშორის კომისიას ტოვებს

არასამთავრობოების დიდი ნაწილი თეა წულუკიანს პროტესტს უცხადებს და უწყებათაშორის კომისიას ტოვებს. ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციებმა „სამართლიანი არჩევნებმა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მიიღეს.

ორგანიზაციები უნდობლობას უცხადებენ უწყებათაშორის კომისიას. ისინი ამბობენ, რომ რეალური ფუნქცია და დანიშნულება, რაც უნდა ყოფილიყო უწყებათაშორისი კომისიის ეჭვქვეშ აყენებენ. ისინი ამბობენ, რომ უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან, ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მცდელობები არ არის.

დისკუსია, სადაც წინასაარჩევნო გარემოზე მსჯელობენ, დაახლოებით ერთი საათია მიმდინარეობს და მას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევ დიპკორპუსი. დღევანდელი დისკუსია მმართველი გუნდის გარეშე მიმდინარეობს.  

„არ ვაპირებთ, ბოდიშის მოხდით, მაგრამ ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებას. შემდგომში, ბოლო სხდომაზე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საერთოდ მობილური ტელეფონების დატოვებაც მოსთხოვეს იქ მისულ ადამიანებს, რაც არ ჯდება არც ერთ სტანდარტში, არც ერთ ფორმატში და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციას არ წარმოადგენს კოლეგიალური ორგანოს შეხვედრაზე ვინმეს მოსთხოვოს დატოვება. თუ ასეა, პირველი თავად მინისტრმა უნდა დაიწყოს ტელეფონის დატოვება გარეთ,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

უწყებათაშორისი კომისიის ფორმატის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

„არაკონსტრუქციული დამოკიდებულებაა, განსაკუთრებით თავმჯდომარის მხრიდან იმ კრიტიკაზე და იმ პრობლემებზე, რომლებსაც არა მხოლოდ ჩვენ ვაყენებთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილად პრობლემა და გადასახედია ის ფორმატი, რა ფორმატიც ჩვენ გვაქვს ამ კომისიაზე,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

უწყებათაშორის კომისიის შესახებ განცხადება გააკეთა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

„კვლავაც ბუნდოვანია ეს დაკომპლექტების პროცესი და თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება,“ - აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.

უწყებათაშორის კომისია სპეციალური მექანიზმია, სადაც წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებს განიხილავენ, თუმცა ბოლო სხდომები იუსტიციის მინისტრთან ღია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც არასამთავრობოებმა კოლექტიური დემარშის გადაწყვეტილება მიიღეს.

დღის ამბები