25 სექტემბერი 2018,   17:58
ვრცლად
ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის მამა პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას გეგმავს

ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის მამა პროტესტის ნიშნად შიმშილობის აქციის დაწყებას აანონსებს. გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი თავდაცვის სამინისტროსთვის პროტესტის ნიშნად იმ 7 ათასი ლარის უკან დაბრუნებასაც გეგმავს, რომელიც უწყებამ გარდაცვლილი სამხედროს დაკრძალვისათვის მისცა.

ჩიჩუების პროტესტი თავდაცვის სამინსიტროს განცხადებას  მოჰყვა. სამინისტრო ამტკიცებს, რომ ჯარისკაცის ოჯახს შვილის დასამარხად გამოყოფილი ფული არ ეკუთვნოდა, თუმცა მაინც მისცეს.

ჯარისკაცი მამა სამინისტროს შვილის ღირსების შელახვაში ადანაშაულებს, რის გამოც, შვილიშვილების პენსიიდან 7000 ლარის შეგროვებას და უწყებისთვის უკან გაგზავნას აპირებს.

სამხედროს გარდაცვალების ბურუსით მოცული ისტორია დღემდე გამოუძიებელია. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჯარისკაცის სიკვდილის მიზეზი სისხლში აღმოჩენილი ეთილის სპირტია.

ოჯახი ამტკიცებს, რომ დასკვნა გააყალბეს და მცდარი დასკვნა სამინისტროს დაკვეთით დაწერეს, რომ ოჯახისთვის კომპენსაცია არ გადაეხადათ.

ჯარისკაც მირზა ჩიჩუას ოჯახი სიმართლის დასადგენად დამოუკიდებელ ექსპერტიზას ჩაატარებს. ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ გვამის ექსგუმაცია მოახდინონ.

საქმეში არსებული ჩვენებით ირკვევა, რომ ჩიჩუა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.

მირზა ჩიჩუა ორფოლოს პოლიგონზე 9 ივლისს შეუძლოდ გახდა და კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ოჯახი მას შემდეგ ითხოვს დადგინდეს 31 წლის ბიჭის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

დღის ამბები