15 ნოემბერი 2018,   07:09
ვრცლად
ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია ნომერ პირველ ქველმოქმედებაზე, გადაწყვიტა, დაიკავოს ნომერ პირველი ბარიგის სტატუსი - ოქრუაშვილი ივანიშვილზე

„ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია ნომერ პირველ ქველმოქმედებაზე, ნომერ პირველ მოქალაქეობაზე, ნომერ პირველ მმართველზე, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ, გადაწყვიტა, დაიკავოს ქვეყნის ნომერ პირველი ბარიგის სტატუსი,“ - ეს განცხადება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა შაბათის კურიერთან ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას გააკეთა.

ირაკლი ოქრუაშვილი მარიხუანის კულტივაციის შესახებ მთავრობის ინიციატივას აკრიტიკებს და ამის უკან ქართული ოცნების თავმჯდომარის ინტერესს ხედავს.

მისი აზრით, საზოგადოების მხრიდან ამ საკითხს განსაკუთრებით მწვავე რეაქცია უნდა მოჰყვეს.

„მე გავიზარდე უცნაური ფილოსოფიის მატარებელ უბანში  - ნახალოვკაში, სადაც ცხოვრობდნენ კანონიერი ქურდებიც, ჩვეულებრივი ქურდებიც, პოლიციელები, პოლიციელებთან მოთანამშრომლეები, მასწავლებლებიც, ჩვეულებრივი ადამიანებიც, ყველას მიმართ არსებობდა გარკვეული დოზით პატივისცემა, მაგრამ იყო ერთი სოციალური სტატუსის მატარებელი ადამიანი - წამლის ბარიგა, რომლიც მიმართ არავის მხრიდან პატივისცემა არ ხდებოდა. ეს ადამიანი იყო ყველაზე დაბალი რანგის ადამიანი, რომელიც პლინტუსზე დაბლა იყო.

"ეს მიდგომა დღესაც, გარეთ თუ გახვალთ და გაიკითხავთ ადამიანების დამოკიდებულებას ნარკოტიკების გამყიდველი ადამიანის მიმართ, ზუსტად ისევეა შემორჩენილი. დღეს რას ვიგებთ, ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია ნომერ პირველ ქველმოქმედებაზე, ნომერ პირველ მოქალაქეობაზე, ნომერ პირველ მმართველზე, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ, გადაწყვიტა, დაიკავოს ქვეყნის ნომერ პირველი ბარიგის სტატუსი. ამაში ჰყავს ჩართული თავისი შვილი თავისი მოწოდებებით. უბედურება ის არის, რომ საზოგადოებას ისეთი რეაქცია, როგორსაც უნდა ველოდოთ, არა აქვს. თუ ეს ყველაფერი განვითარდება, დღეს ზღაპარია იმის შეძახილები, რომ ჩვენ გავაკონტროლებთ იმას, რომ შიდა ბაზარზე ქვეყნის შიგნით კულტივირებული ნარკოტიკი არ მოხვდეს,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, აუცილებელია ხელისუფლება შეიცვალოს.

„რაც ნაკლები მოქალაქე დარჩება ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით შეგნებული, მით უფრო ადვილი იქნება ქვეყნის მართვა ამ ადამიანისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. იმის შიშით, რომ მგელი არ გავუშვათ, რომ მივიღებთ ლომს, ან მგელზე უარესს, უგუნური ადამიანის პოზიციაა,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

 

დღის ამბები