15 ნოემბერი 2018,   07:07
ვრცლად
ზუგდიდის მერმა საკრებულოს წევრებს აგინა - "კურიერმა" სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით აუდიოჩანაწერი მოიპოვა

სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერი ზუგდიდის მერიაში სავარაუდო კორუფციაზე - კურიერის მოპოვებული ჩანაწერი ერთ საათსა და 40 წუთს გრძელდება.

აუდიოფაილიდან, რომელიც ზუგდიდის მერის კაბინეტში ჩაიწერა, დგინდება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ბიზნესმენებს ქრთამს ართმევენ.

თავდაპირველად ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ ქრთამი ზუგდიდის მერს, ლაშა გოგიას, რეგიონის გუბერნატორს, ლევან შონიას და ვიცე-მერს, გია გულორდავას, გადაუხადა. ირკვევა, რომ ბიზნესმენს ზუგდიდში სამი ტერიტორიის - ავტოვაგზლის, რკინიგზის სადგურის და გულუას პარკის შეძენა სურდა.

მერს ლაშა გოგიას ტერიტორიების აუქციონზე გატანისთვის ზუგდიდი საკრებულოს ნებართვა სჭირდებოდა. საკითხი სხდომაზე გაიტანეს, თუმცა, ჩავარდა.

ჩანაწერში კარგად ისმის, როგორ ახდენდა ზეწოლას ზუგდიდი მერი საკრებულოს წევრებზე, რომ უკანონო გარიგება ბოლომდე მიეყვანა.

გინების, ზეწოლის ან გარიგების დამსახურებით ზუგდიდის საკრებულომ მერის მოთხოვნა მეორე სხდომაზე შეასრულა.  სწორედ ამის გამო, ოპოზიცია ფიქრობს, რომ გამოძიება საკრებულოს წევრების საქმიანობითაც უნდა დაინტერესდეს.

ბიზნესმენმა კვირკვიამ ზუგდიდის მერს ფულის უკან დაბრუნება სთხოვა, რადგან ის გადააგდეს და ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირობა არ შეასრულა.

ბიზნესმენი მერს კაბინეტში უყვირის, შეურაცხყოფს და ფულის დაბრუნებას ითხოვს. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ქრთამს კვირკვია არა მხოლოდ ზუგდიდის მერს, არამედ მაშინდელ გუბერნატორს, ლაშა შონიასაც, აძლევდა.

„მომისმინე. თქვენ, შენ და გულორდავამ ჩემი ყ... გამიკეთეთ. თქვენ გადამაგდეთ. დღესდღეობით, დღეისათვის... ფული აიღეთ და არაფერი გაგიკეთებიათ. სულ ესაა. არცერთი საქმე არ გაგიკეთებიათ,“ - მიმართა კვირკვიამ ზუგდიდის მერს.

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ბნელი 1990-იანების წესების დაცვით, მერის კაბინეტში შეხვედრამდე ზუგდიდის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ საქმის გასარჩევად. კურიერის ინფორმაციით, არსებობს საქმის ქურდული გარჩევის ამსახველი ჩანაწერიც.

კურიერის ინფორმაციით, ეს სკანდალური ჩანაწერი ბიზნესმენმა სუს-ში მიიტანა, თუმცა, სანამ მისი არსებობის შესახებ კურიერმა არ გაიგო, სუს-მა საგამოძიებო მოქმედებები არ დაიწყო.

კურიერის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის მერს სუს-ში ხმის ნიმუში აუღეს იმის დასადგენად, ნამდვილად მას ესაუბრება თუ არა ბიზნესმენი კვირკვია.

ფარული ჩანაწერი, რომელმაც შესაძლოა, მთელი რეგიონი თავდაყირა დააყენოს, კურიერს ქართული ოცნების უკვე ყოფილმა მხარდამჭერმა, კახა მიქაიამ, გადასცა.

დღის ამბები