19 აპრილი 2024,   09:34
ვრცლად
მათი ამოცანაა, „დაბოლებული“ ამყოფონ ნახევარი საქართველო და გაბრუებული და შესაბამისად, ადვილად მართონ - ნინო ბურჯანაძე

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მარიხუანას წარმოება-ექსპორტის ინიციატივის გამო აკრიტიკებს.

ბურჯანაძის განცხადებით, ამ ინიციატივის მიზანს „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების გახანგრძლივება წარმოადგენს.

„ამ ინიციატივის უკან დგას პიარად ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს ხელისუფლების სურვილი, რომ სამუდამოდ გაიხანგრძლივონ ხელისუფლება, ხოლო ვინაიდან, ესმით, რომ ეს ამ ვითარებაში შეუძლებელია და დღეს თუ ხვალ, მოქალაქეების პროტესტი აუცილებლად ხმამაღალი გახდება, მათი ამოცანაა, მართლა, უკაცრავად ჟარგონისთვის და „დაბოლებული“ ამყოფონ ნახევარი საქართველო და გაბრუებული და შესაბამისად, ადვილად მართონ,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ქადაგებასაც ეხმაურება.

„ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გაოგნებული დავრჩი მისი უწმინდესობის კომენტარითაც. მე ვფიქრობ, რომ ეკლესიამ ნამდვილად უნდა აიმაღლოს ხმა იმის მიმართ, რაც ახლა ხდება. მე არ მჯერა, თქვენო უწმინდესობავ, იმის, რომ ჩვენი შვილები და მომავალი თაობები უყვარს იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში კანაფის მოყვანას მასობრივად გეგმავს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა, დაუშვებელია მხოლოდ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ფიქრი თუ არსებობს საფრთხე იმის, რომ ამ პროცესმა საზოგადება დააზარალოს.

დღის ამბები