24 აპრილი 2024,   15:26
ვრცლად
ეს ბატონები ივანიშვილის დავალებით ქმნიან მონოპოლიებს, არ იქმნება კონკურენცია - ნიკა მელია სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე საუბრობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, სადაც თამბაქოს წილების გადანაწილებაზეა საუბარი.

ნიკა მელიას განცხადებით, აუდიოჩანაწერებიდან ახალი არაფერი გარკვეულა, რადგან აქამდეც ცნობილი იყო, რომ ყველა მსხვილი ბიზნესი ივანიშვილს „ხარკს“ უხდის.

„უბრალოდ არ ვიცოდით ერთი რაღაც, რამდენი ეკუთვნის ბეგარა ამ მსხვილი ბიზნესიდან, ეს კი ბატონო, გავიგეთ - 50 პროცენტი არის. ყველგან შეძვრა ეს ადამიანი. ყველა ბიზნესში შეძვრა, შეძვრა „ჰაიდელბერგ ცემენტში,“ 50 პროცენტი წილი იყიდა, ტოვებს ათასობით მცირე მეწარმეს უსამსახუროდ. აგერ ხორბლისა და სიმინდის გადაზიდვა ხმელეთით იკრძალება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მონოპოლიას დაწესებაზეა სწორედაც საუბარი აუდიოჩანაწერებში.

„ამის შემდეგ ახლა გვიკვირს რატომ გაიზარდა ასტრონომიულად ფასები სიგარეტზე, საწვავზე, პურზე, ფქვილზე, ხორბალზე? გვიკვირს? არ გვიკვირს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, „ომეგა ჯგუფის“ საქმის გარდა კორუფციის ნიშნები ჩანს ზუგდიდის მერიაშიც, სადაც ასევე ადგილობრივი ხელისუფლება ბიზნესმენებს ქრთამს ართმევენ.

„ეს ბატონები ივანიშვილის დავალებით ქმნიან მონოპოლიებს, არ იქმნება კონკურენცია და სამუშაო ადგილებიც არასდროს არ შეიქმნება. მაგრამ მე გეკითხებით რიტორიკულად, რას ვაკეთებთ? რას ვაკეთებთ და ვიბრძვით, უნდა ვიბძოლოთ. ვერანაირ 2020 წლამდე ვერ გაჩერდება ეს ადამიანი. უკან დასახევი გზა უნდა ჩავიხერგოთ ყველამ ამ არჩევნებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში „რუსთავი 2“-ც დაიკეტება, „იბერიაც“ დაიხურება, „კავკასიაც“ დაიხურება ან დაემსგავსება „მაესტროს,“ დაემსგავსება სხვა ტელეკომპანიებს, საიდანაც ვერაფერს ვერასდროს ვერ გავიგებთ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები