26 აპრილი 2024,   01:10
ვრცლად
რეკეტი სახელმწიფოს სახელით - ოპოზიცია "იბერიას" საქმეზე ახალი სკანდალური ჩანაწერის გასაჯაროებას ეხმაურება

რეკეტი სახელმწიფოს სახელით - ასე აფასებს ოპოზიცია ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელი „ომეგა ჯგუფის“ საქმეში ახალი სკანდალური ჩანაწერების „რუსთავი 2-ის“ ეთერით გავრცელებას.

ხელისუფლების ოპონენტები კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მთელ ამ პროცესებს ბიძინა ივანიშვილი მართავს.  

„ეს ჩანაწერი არის სახელმწიფო რეკეტის კლასიკური მაგალითი. სახელისუფლებო კორუფციაში ჩართულია, პრაქტიკულად, ხელისუფლების არაფორმალური და ფორმალური ვერტიკალი. თუ ადრე ჩანაწერებში ისმოდა კონკრეტული მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის გვარი, ჩვენ ახლა ვნახეთ, რომ ამ ყველაფრის თავი და თავი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მართავს ამ პროცესებს დააყაჩაღებს ბიზნესს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა.

ოპოზიციის წევრების შეფასებით, ხელისუფლება ბიზნესის ხელში ჩაგდების პარალელურად, ცდილობს, კრიტიკული მედიაც გააჩუმოს.

„ეს ფარული ჩანაწერები პირდაპირ აჩვენებს, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ხელისუფლება და რით არის დაკავებული, რა ინტერესები გააჩნია. ეს არის ხელწერა თუ როგორ ჩაიგდონ ხელში მსხვილი ბიზნესები. ასევე კარგად ჩანს ამ თემაში თავისუფალი მედიის, კრიტიკული მედიის მიმართ დამოკიდებულება. ბიზნესის ხელში ჩაგდების პარალელურად, ცდილობენ, რომ ეს მედიაც გააჩუმონ,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები