„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფის“ წილების გადანაწილების შესახებ გავრცელებული აუდიოჩანაწერის შემდეგ გარკვეული სქემა დალაგდა. მისი თქმით, ეს ჩანაწერი ცხადყოფს თუ რა ხდებოდა და ხდება თამბაქოს ბაზარზე.
გიგაურს თამბაქოს ბიზნესის წილების გაყოფისა და კონკურენტებზე ზეწოლის მაგალითად „ფილიპ მორისის“ და"British American Tobacco"-ს მიერ დაწყებული დავა მოჰყავს.
ეკა გიგაური ამბობს, რომ თამბაქოს მწარმოებელი უცხოური კომპანიების მიმართ ქართულმა სასამართლომ საეჭვო გადაწყვეტილება გამოიტანა და სასამართლომ უცხოურ კომპანიებს 100 მილიონ დოლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მისივე თქმით, საერთაშორისო კომერციულმა პალატამ მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას არაობიექტური უწოდა. საქმე საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდა, რის გამოც უკვე შემდეგი ინსტანციის სასამართლომ უცხოური თამბაქოს კომპანიების სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა.
გიგაური ფიქრობს, რომ იმ კითხვებზე, რაზეც გასულ წელს მიმდინარე დავის დროს კითხვის ნიშნები გაჩნდა, „კურიერის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერის შემდეგ ყველაფერს პასუხი გაეცა.
„როგორც ჩანს, მთავრობასთან დაახლოებული პირები და კონკრეტული ბიზნესმენები ცდილობდნენ, რომ ერთის მხრივ გაეკეთებინათ კონსორციუმი და გაერთიანებულიყვნენ და ბაზრის ძალიან დიდი წილი ჩაეგდოთ ხელში.
მეორეს მხრივ აი, ასეთი მეთოდებით ისინი ცდილობდნენ, უკვე სასამართლოს გამოყენებით, თავიანთი კონკურენტები გაეყვანათ ბაზრიდან.
ზუსტად მსგავსი პროცესი გაიმართა ასევე "British American Tobacco"-სთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში იგივე მოსამართლემ ქართული მხარის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და დააკისრა "British American Tobacco" 100 მილიონი დოლარი,“-განაცხადა გიგაურმა.