17 ოქტომბერი 2018,   19:07
ვრცლად
დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში - "ქართული ოცნების" დეპუტატები ჩხუბის პროვოცირებაში "ენმ"-ს ადანაშაულებენ

ქუთაისის საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებაში, მმართველი პარტიის წევრი ოპოზიციის წარმომადგენლებს ადანაშაულებენ.

ჩხუბის დროს, რომელიც საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო და დერეფანში გაგრძელდა, ქუთაისის საკრებულოს წევრს ”ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი უკლებას თავს ”ქართული ოცნების” დეპუტატი იმედა სათინაძე დაესხა.

„ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხშირად უსაფუძვლო კრიტიკული და პროვოკაციული განცხადებებით გამოირჩევიან.  

„შეგნებულად დღეს გამომწვევად მოვიდა საკრებულოს სხდომაზე, დაუწყო ძალიან შეუფერებელი საქციელი ჩვენს საკრებულოს ერთ-ერთ წევრს, ბატონ საღინაძეს, მოსთხოვა მას გამოსულიყო მასთან ერთად გარეთ და გამოსვლის დროს, ფაქტიურად, მოხდა მისი მხრიდან შეგინება და ხელის გარტყმა. ეს დაფიქსირებულია კამერებში. ეს კაცი არის პროვოკატორი. ჩამოვედით, მერიის წინ შეგვხვდა და მეუბნება. ბატონო ალეკო, თქვენ ხართ უხუცესი წევრი და კარგად იცით ეს, რომ მე დღეს შეგნებულად გავილახე, ასე იყო პოლიტიკურად საჭირო. ეს არის მისი სახე,“ - განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, ალექსანდრე ახალაძემ.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია კი ამბობს, რომ მმართველი პარტიის წევრები ყველანაირად ცდილობენ მშვიდი გარემოს შენარჩუნებას.

„ჩვენ ჩვენის მხრიდან, ყველანაირად ვცდილობთ, გამოვიჩინოთ მაქსიმალურად თმენის ვალდებულება, თუმცა ინციდენტი, რომელიც მოხდა, უკავშირდება იმ პროვოკაციებს, რომელსაც პერმანენტულად აწყობენ ჩვენი ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მათი მიზანია, რა თქმა უნდა, არიონ წინასაარჩევნო მშვიდი გარემო,“ - განაცხადა  ირაკლი შენგელიამ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

 

დღის ამბები