13 დეკემბერი 2018,   18:37
ვრცლად
უმუშევრობა, გაზრდილი ფასები და მომატებული კრიმინალი - გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ახალციხელების პრობლემები მოისმინა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია-ს“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობას შეხვდა. ახალციხეში ადგილობრივები მთავარ პრობლემად უმუშევრობას, პენსიების სიმცირეს, გაზრდილ ფასებსა და მომატებულ კრიმინალს ასახელებდნენ. მოსახლეობა ხელისუფლება უყურადღებობასა და დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

გრიგოლ ვაშაძემ ახალქალაქელების პრობლემებიც მოისმინა. ადგილობრივებს ყველაზე მეტად სახელმწიფო ენის შესწავლის საშუალების არქონა, დაუსაქმებლობის გამო მუშახელის საზღვარგარეთ გადინება და კარტოფილის რეალიზაციის სირთულეები აწუხებთ.

რეგიონის მცხოვრებლებს პრეზიდენტობის კანდიდატმა არჩევნებზე გააქტიურებისკენ მოუწოდა. წინასაარჩევნო დაპირებებს შორის გრიგოლ ვაშაძემ 400 ლარამდე გაზრდილი პენსია და მასწავლებლებისათვის 1000-ლარიანი შრომითი ანაზღაურება კიდევ ერთხელ დაასახელა.

სამცხე-ჯავახეთში გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებიც ჩავიდნენ, რომელთაც რეგიონში შეჩერებულ სახელმწიფო პროგრამებზე გაამახვილეს ყურადღება. მათ ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და მოსახლეობის დაშინების მცდელობაზეც ილაპარაკეს.

გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქიდან აჭარაში გაემგზავრება და საქართველოს რეგიონებს კიდევ ერთხელ შემოივლის. 

 

  ავტორი: თამთა ჯიქია

 

 

დღის ამბები