24 აპრილი 2024,   22:14
ვრცლად
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი - უწყებათაშორის კომისიას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ბოიკოტს უცხადებს

უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ბოიკოტს  უცხადებს და კომისიას ტოვებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ კომისია საკუთარ ფუნქციებს არ ასრულებს და თეა წულუკიანმა ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბად გადააქცია. მათი თქმით, უწყებათშორისი კომისია ოპოზიციის კრიტიკულ აზრსა და შენიშვნებს არ ითვალისწინებს. 

„ქალბატონი წულუკიანის ხელში ეს კომისია გადაიქცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბად და არანაირ წინადადებას, არანაირი საკითხის დაყენებას ამ კომისიაზე მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, ამიტომ ეს გადაწყვეტილება ახალი არ არის. ამ ფორმატში ამ იუსტიციის მინისტრის ფონზე, წარმოუდგენელია რაიმე თანამშრომლობაზე საუბარი და ნორმალურ საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაზე საუბარი,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ უწყებათშორისი კომისიის საქმიანობა ფარსს დაემსგავსა.

„ეს პროცესი დაემსგავსა სრულ ფარსს, აქამდეც არ გამოირჩეოდა დიდი გახსნილობით და დემოკრატიულობით და დროული რეაგირებით, მაგრამ ბოლო დროს ჩვენ საერთოდ აზრსაც კი ვეღარ ვხედავთ, გავაგრძელოთ მონაწილეობა აღნიშნული კომისიის საქმიანობაში, მანამ, სანამ რეაგირება არ ხდება, მანამ სანამ ეს კომისია არის უბრალოდ ფორმალობა, სანამ მას თავმჯდომარეობს პოლიტიკური სიძულვილით გაჟღენთილი ქალბატონი წულუკიანი, „ევროპული საქართველო“ აზრს ვერ ხედავს ამ კომისიაში დარჩენის და ჩვენ ვტოვებთ უწყებათშორის კომისიას,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

ოპოზიციის პროტესტთან დაკავშირებით თეა წულუკიანმა კომენტარი არ გააკეთა.

„დღეს გვაქვს სხდომა და მობრძანდით,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები