15 ოქტომბერი 2018,   20:15
ვრცლად
ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი თბილისში - შეხვედრებზე წინასაარჩევნო გარემოსა და "იბერიას" საქმეს განიხილავენ

ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი თბილისში - მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებას სწავლობენ. ევროპელ დეპუტატებს პოლიტიკოსების გარდა, ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტებიც შეხვდებიან. პრეზიდენტობის კანდიდატები შეხვედრაზე თავისუფალ მედიასა და ბიზნესზე ზეწოლაზე გაამახვილებენ ყურადღებას.

ამ წუთებში ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ხვდება. გრიგოლ ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე მედიაგარემოზე, წინასაარჩევნო ვითარებაზე, ეკონომიკურ მდგომარეობასა და პოლიტპატიმრებზე ისაუბრებს.

„წინასწარ მზადდება ყველაფერი არჩევნების გაყალბებისთვის და იმისთვის, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას უკვე მოპოვებული გამარჯვება წაართვან, რომ ყველა საოლქო კომისია გატენილია ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატებით, რომელიც  „ქართული ოცნების“ სახეების და ლიდერების ან მეუღლეები, ბიძაშვილები ან მამიდაშვილები არიან. იმაზე, რა დღეშია ბიზნესი საქართველოში, როდესაც გვიმტკიცებდნენ, რომ აყვავება დაიწყო და თავისუფალი სუნთქვის პერიოდი მოვიდა, როდესაც ჩვენ თვალწინ ფირზე კანონიერი ქურდებივით ვიღაც გაუგებარი ხალხი სიგარეტის ბაზარს იყოფს იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დააფინანსოს. იმაზე, რა დღეშია თავისუფალი მედია, როდესაც ერთი-ორი ცალი დარჩა ის მედიასაშუალებები, სადაც თავისუფალ სიტყვას მართლა გაიგონებ და ახლა „იბერიას“ ეპოტინებიან, რომ ისიც თავის კარტელს მიუერთონ. ვიბარებთ საქართველოში ეკონომიკურ მდგომაროებაზე, პოლიტპატიმრებზე, განდევნილ მესამე პრეზიდენტზე,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ევროპელ დეპუტეტატებს უკვე შეხვდნენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი. „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ევროსაბჭოს მონიტორებთან ყურადღება გავამახვილე ამ არჩევნების მნიშვნელობაზე, ამ არჩევნების მნიშვნელობაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და იმაზე, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ხელს უშლის ადმინისტრაციული რესურსის მზაობა, მხარი დაუჭიროს ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს. გრძელდება სახელისუფლებო ტრადიცია ამ ქვეყანაში დამკვიდრებული, როდესაც ხელისუფლებებს ხელი წაუცდებათ ხოლმე მედიებისკენ, რომლებიც მათთვის მიუღებელია. „იბერიასთან“ დაკავშირებით მოუთმენლად ველი „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის და დამფუძნებლის ბატონ ზაზა ოქუაშვილის ამომწურავ საუბარს, რა მოხდა, როდის და როგორ მოხდა,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღის ამბები