15 დეკემბერი 2018,   00:41
ვრცლად
ივანიშვილისა და ჩხარტიშვილის გასაიდუმლოებული შეხვედრა - „კურიერის“ გამოჩენის შემდეგ სახლთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

ბიძინა ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილის სახლში მივიდა. შეხვედრა ყოფილი პრემიერსა და ბიზნესმენს შორის ოზურგეთში გაიმართა. შეხვედრის შესახებ განმარტების გაკეთება ვანო ჩხარტიშვილს მას შემდეგ მოუწია, რაც მის სახლში მისული ივანიშვილი „კურიერის“ კამერამ გადაიღო.

ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილის სახლში, დაახლებით, ხუთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, „კურიერის“ გამოჩენის შემდეგ უსაფრთხოების ზომები მიმდებარე ტერიტორიაზე გააძლიერეს. კამერებს სახლთან მიახლოებისა და შიდა ტერიტორიის გადაღების უფლება არ მისცეს.

ვანო ჩხარტიშვილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილს მხოლოდ ფოლკლორზე ელაპარაკა და არ უსაუბრიათ იმ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებზე, სადაც ვანო ჩხარტიშვილი ივანიშვილის სახელით სიგარეტის ბიზნესს ანაწილებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს რამდენჯერმე ახსენებს და წილებში პარტიის ჩასმას მოითხოვს. ჩხარტიშვილმა „კურიერთან“ პირველად დაადასტურა, რომ შეხვედრა „ომეგა ჯგუფის“, დამფუძნებელთან ზაზა ოქუაშვილთან ნამდვილად შედგა, თუმცა ამტკიცებს, რომ საუბარი 2 წლის წინ შედგა და ოქუაშვული თავად სთხოვდა მას დახმარებას.

ვანო ჩხარტიშვილი ადასტურებს, რომ „ომეგა ჯგუფს“ „თბილისის თამბაქოს“ შორის მოლაპარაკებები გაგრძელდა, თუმცა შეთანხმება საბოლოოდ ვერ შედგა. ბიზნესმენი ფაბრიკაციას უწოდებს ჩანაწერის იმ ნაწილს, სადაც ისმის, როგორ სთხოვენ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილის სახელით ბიზნესის დათმობას.

5 საათიანი შეხვედრა თავად ბიძინა ივანიშვილმა ისე დატოვა, რომ ”ომეგა ჯგუფის ” გარშემო მიმდინარე მოვლენებზე განმარტების გაკეთება არ ისურვა.

აუდიოჩანაწერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა, ირკვევა, რომ ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის და მისი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილთან შეთანხმებით ”ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ბიზნესმენს წილების განაწილებას სთხოვდა. 100%-დან წილის ნახევარი, 50% ე.წ. ფონდში, ანუ მმართველი პარტიაში ფინანსური დირექტორის პოსტზე დანიშნული პარტიის წარმომადგენლის გავლით ჩაირიცხებოდა, 25%-ით წილში „თბილისის თამბაქო“ - კომერციული დირექტორის სახით და დისტრიბუციის სრული მონოპოლიით შედიოდა, „ომეგა ჯგუფს“ კი მხოლოდ 25% და გენერალური დირექტორის პოსტი რჩებოდა, გადამწყვეტი ხმის უფლების გარეშე.

 

 

ავტორები: სოფო ჭულუხაძე, ლადო მენაბდე.

ამავე თემაზე
დღის ამბები