15 ოქტომბერი 2018,   20:13
ვრცლად
ბენზინით დაწვის მცდელობა - ხორბლის გადამზიდავების პროტესტის უკიდურესი ფორმა და შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან

ხორბლის გადამზიდავები შედეგის მიღწევას უკიდურესი ფორმით შეეცადნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ტანზე ბენზინი გადაისხა. ჯანო ამყოლაძე, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდა.  

მუშები ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ ბრძანება ხორბლის გადამზიდავებს პურის გარეშე ტოვებს.

ბრძანება, რომელიც სახმელეთო გზით ტვირთის გადაზიდვას კრძალავს, მძღოლების მტკიცებით, 4000-ზე მეტ ოჯახს მშიერს ტოვებს.

მძღოლისთვის, რომელიც სახურავიდან გადმოხტომით და თავის დაწვით იმუქრებოდა, ხორბლის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი ერთადერთი იყო.

ამყოლაძე მინისტრთანაც ნავთით სავსე ბოთლით სხვა გასასვლელიდან მივიდა. შეხვედრა ტერმინალის მთავარი საზოგადოებრივი მისაღების ერთ-ერთ კაბინეტში შედგა.  

შეხვედრაზე მიღწეული პირობა ერთ წელს მოიცავს. სადაო ბრძანება 2019 წლის პირველ ოქტომბერს გადაიხედება. ხორბლის სახმელეთო გზით იმპორტის აკრძალვა ერთი წლით გადაიდო. 

დღის ამბები