რეკეტი სახელმწიფოს სახელით, ელიტური კორუფცია და ბიზნესის რეკეტი - მესამე სექტორის წარმომადგენლები ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალური აუდიოჩანაწერებიდან იმ მთავარ თემებს გამოყოფენ, რომელზეც სახელმწიფომ დროული რეაგირება უნდა მოახდინოს.
ტელეკომპანია იბერიის და ომეგა ჯგუფის საქმეზე გავრცელებული ფარული ჩანაწერების შესწავლას მესამე სექტორი იწყებს.
არასამთავრობოები დაადგენენ ჩანაწერების ავთენტურობას, რომელიც, მათივე შეფასებით, სერიოზული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, აღნიშნავს, რომ პირველ რიგში ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა უნდა მოხდეს.
„ჩანაწერების ავთენტურობის შემთხვევაში, ბუნებრივია, გამოძიებამ ძალიან სერიოზული კითხვები უნდა დასვას და მათ შორის, ალბათ, მოუწევს გამოძიებას პირების აღსრულებაში მიცემაც,“ - განაცხადა მშვენიერაძემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე, აცხადებს, რომ საქმე დროულად უნდა გამოიძიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაღრმავდება ეჭვები ელიტური კორუფციის არსებობასთან დაკავშირებით.
„ელიტური კორუფცია არ ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობით მხოლოდ ფულის გადაცემას, ეს ნიშნავს გარკვეული სარგებლის მიღების სანაცვლოდ კონკრეტული პრობლემების მოგვარებას. თუ კომპანიას ჰქონდა პრობლემები, ამისთვის არსებობს სამართლებრივი გზა და ვიღაცისთვის ავტომობილის დათმობა ან გადაცემა, ეს არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.