17 აპრილი 2024,   03:04
ვრცლად
ეს შენობა გახდება „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ტყუილის, სიცრუის და ქუთაისისადმი ზიზღის გამოხატვის სიმბოლო - გრიგოლ ვაშაძე

„ეს შენობა გახდება ქართული ოცნების კიდევ ერთი ტყუილის, სიცრუის და ქუთაისისადმი ზიზღის გამოხატვის სიმბოლო,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ძალა ერთობაშია, გრიგოლ ვაშაძე, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში სრულად გადატანას.

გრიგოლ ვაშაძე პარლამენტის გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც, რეგლამენტში შედის ცვლილებები, რაც პარლამენტის თბილისში გადატანას გულისხმობს.

„ჯერ კონსტიტუციიდან ამოიღეს ის დებულება, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი ადგილი არის ქუთაისი, ახლა რეგლამენტში შეაქვთ ცვლილება, რომლითაც პარლამენტი გადადის თბილისში, რაც საცობების და ხალხის გაღიზიანების გარდა, არაფერს არ გამოიწვევს. ცდილობენ, ქუთაისს წაართვან სოციალური, პოლიტიკური როლი, რომელიც მას კი არ უნდა მივაკუთვნოთ, რომელიც მას ისტორიულად ეკუთვნის. არავითარ შემთხვევაში ამას არ დავუშვებთ. თქვენ გგონიათ, რეგლამენტში შეტანით თქვენ პარლამეტს ქუთაისიდან გადაიტანთ? ვერ გადაიტანთ იმიტომ, რომ თქვენ ძალიან მალე ხელისუფლებაში აღარ იქნებით,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

77 მომხრე და 1 წინააღმდეგი - ამ შედეგით დასრულდა რეგლამენტის პროექტის კენჭისყრა, რომლის მიხედვით ქუთაისში პარლამენტი აღარ იარსებებს.

დღის ამბები