19 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
ექსპერტების მხრიდან აგრესიული განწყობა კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს - მარიამ ჯაში უნივერისტეტების ავტორიზაციაზე

"ექსპერტების მხრიდან აგრესიული განწყობა კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე რუსთავი2-ის ეთერით გასულ რეპორტაჟს, სადაც ავტორიზაციის საბჭოს ექსპერტები მარიამ ჯაშს ზეწოლასა და უმაღლესი სასწავლებლების ლობირებაში ადანაშაულებდნენ.

ექსპერტის მტკიცებით, მარიამ ჯაშმა მას დაურეკა და ჰიპოკრატეს უნივერსიტეტისთვის დადებითი შეფასების დაწერა სთხოვა.

ჯაშის მიმართ ბრალდებები განათლების ხარისხის ცენტრის თანამშრომლებსაც აქვთ. პარლამენტარის თქმით კი, ყველა ხარვეზს განათლების სამინისტროს აუდიტი შეისწავლის.

„ის კითხვები და აგრესიული განწყობა, რომელიც ხდება ექსპერტების მხრიდან კიდევ უფრო მეტ, დამატებით კითხვებს აჩენს. ჩვენ ამ კითხვებს აუცილებლად გავივლით და აქვე მინდა, დაგიდასტუროთ, რომ განათლების სამინისტრო იწყებს აუდიტს, რომლის ფარგლებშიც აბსოლუტურად, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შესაძლო მხარეები და ხარვეზები იქნება გამოვლენილი. ჩვენ ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება, დაიხვეწოს უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესი,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ, უნივერსიტეტებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 2018-2019 წლებში გასდის, ავტორიზაციისთვის ვადა 2020 წლის პირველ იანვრამდე გაუგრძელდება.

დღის ამბები